აქტუალური თემა

ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა

adamianis_uflebebi_da_qarTuli_kuturaავტორთა ჯგუფი
„ადამიანის უფლებები და ქართული კულტურა“

Взгляд из Грузий

vzgliad_coverСборник информационно-
аналитических статей
Ноябрь 2000 –
Март 2001

ადამიანის უფლებათა ლექსიკონი

coverფრიდონ
საყვარელიძე
„ადამიანის უფლებათა ლექსიკონი“



ამინდი

free counters

ერკომის რეგლამენტი

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის მიერ
2009 წლის 9 ნოემბრის
#13/11 გადაწყვეტილებით


საქართველოს რესპუბლიკური პარტიის

ეროვნული კომიტეტის

რ ე გ ლ ა მ ე ნ ტ ი


მუხლი 1. ეროვნული კომიტეტის შემადგენლობა
1.    ეროვნული კომიტეტის 35 წევრს ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით ირჩევს პარტიის ყრილობა. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია კოოპტაციის წესით საკუთარ შემადგენლობას დაამატოს არა უმეტეს 5 წევრი.
2.    კოოპტაციის წესით ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში ახალი წევრის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კომიტეტი. ეროვნული კომიტეტისთვის კოოპტაციის წესით კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს პარტიის თავმჯდომარეს ან/და ეროვნული კომიტეტის სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/3-ს. ეროვნული კომიტეტის სრული შემადგენლობა ნიშნავს ყრილობის მიერ არჩეულ 35 წევრს დამატებული კოოპტაციის წესით ეროვნული კომიტეტის მიერ დამატებულ წევრთა რაოდენობას.
3.    ეროვნული კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, პარტიის წევრობის შეწყვეტის, შეჩერების ან გარდაცვალების შემთხვევაში. ეროვნული კომიტეტის წევრი გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნულ კომიტეტს ან აკეთებს განცხადებას კომიტეტის სხდომაზე. კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს, მათ შორის გარდაცვალების ფაქტს, ცნობად იღებს ეროვნული კომიტეტი.
4.    ეროვნული კომიტეტის გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს ბოლო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო კანდიდატი. ეროვნული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ფაქტს პარტიის თავმჯდომარე 7 დღის ვადაში წერილობით აცნობებს შესაბამის კანდიდატს. ეროვნული კომიტეტის წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის შესაბამისმა კანდიდატმა შეტყობინების მიღებიდან 7 დღის ვადაში წერილობით უნდა მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს  და დაადასტუროს ეროვნული კომიტეტის წევრობის სურვილი. თუ შესაბამისი კანდიდატი დადგენილი წესით არ დაადასტურებს ეროვნული კომიტეტის წევრობის სურვილს, მაშინ აღნიშნული უფლება გადადის საუკეთესო შედეგის მქონე მომდევნო კანდიდატზე.

მუხლი 2. ეროვნული კომიტეტის უფლებამოსილება
1. ეროვნული კომიტეტი:
ა)    პირველსავე სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს;
ბ)    სრული შემადგენლობის არა ნაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით განიხილავს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. გადაწყვეტილებას კენჭი ეყრება საკითხის დასმიდან სამი დღის ვადაში და მიიღება არანაკლებ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით;
გ)    პარტიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საკუთარი შემადგენლობიდან სრული შემადგენლობის უმრავლესობით 2 კვირის ვადაში ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს.
დ)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს მდივნებს. უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით თანამდებობიდან გადააყენოს მდივანი;
ე)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის და აუქმებს დარგობრივ კომისიებს, ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
ვ)    ისმენს პარტიის თავმჯდომარის, პარტიის მდივნების, დარგობრივი კომისიების ხელმძღვანელების, წარმომადგენლობით ორგანოებში პარტიული წარმომადგენლობების, რეგიონალური, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციის ანგარიშებს;
ზ)    აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით თანამდებობიდან გადააყენებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;
თ)    ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტებს;
ი)    პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა სიას;
კ)    პარტიის თავმჯდომარესა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე, პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს რეგიონალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მიერ წარსადგენ კანდიდატურებს;
ლ)    აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს საწევრო შესატანის ოდენობასა და გადახდის წესს;
მ)    უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გააუქმოს აღმასრულებელი სამდივნოსა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება;
ნ)    ასრულებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 3. ეროვნული კომიტეტის სხდომა
1.    ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომა იმართება კომიტეტის არჩევიდან არა უგვიანეს მე-4 დღისა. ეროვნული კომიტეტის პირველ სხდომას იწვევს პარტიის მოქმედი თავმჯდომარე კომიტეტის არჩევიდან 24 საათში და კომიტეტის სხდომა იმართება მოწვევიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა. ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომის გამართვის დრო და ადგილი დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის სხდომას ხელმძღვანელობს პარტიის თავმჯდომარე.
2.    თუ პარტიის თავმჯდომარე დადგენილ ვადაში არ მოიწვევს ეროვნული კომიტეტის პირველ სხდომას, ეროვნული კომიტეტის წევრები არჩევიდან არა უგვიანეს მე-6 დღისა უნდა შეიკრიბონ პარტიის ცენტრალურ ოფისში და გამართონ კომიტეტის პირველი სხდომა. ამ შემთხვევაში კომიტეტის პირველ სხდომას ხელმძღვანელობს კომიტეტის უხუცესი წევრი.
3.    ეროვნული კომიტეტის სხდომებს იწვევს და წარმართავს პარტიის თავმჯდომარე.
4.    ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა იმართება ორ თვეში ერთხელ მაინც.
5.    ეროვნული კომიტეტის მორიგ სხდომებს შორის პერიოდში შეიძლება მოწვეული იქნეს ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა. ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე:
ა)    ეროვნული კომიტეტის წევრთა არა ნაკლებ ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით;
ბ)    არა ნაკლებ ორი რეგიონალური ორგანიზაციის რეგიონალური კომიტეტების წერილობითი მოთხოვნით;
გ)    საკუთარი ინიციატივით.
6.    ამ მუხლის მე-5 პუნქტის "ა" და "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თავმჯდომარე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ  გადაწყვეტილებას იღებს (აცხადებს სხდომის გამართვის დროსა და ადგილს) მოთხოვნიდან არა უგვიანეს მე-3 დღეს, ხოლო რიგგარეშე სხდომა იმართება მოთხოვნიდან არა უგვიანეს მე-7 დღეს, გარდა მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც სხდომა უნდა გაიმართოს მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში.
7.    გადაწყვეტილება ეროვნული კომიტეტის სხდომის მოწვევის შესახებ დაუყოვნებლივ განთავსდება პარტიის ცენტრალური ოფისის საინფორმაციო დაფაზე და ეცნობებათ სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში ქვეყნდება პარტიის საინფორმაციო ბიულეტენსა და ვებ გვერდზე.
8.    თუ თავმჯდომარე დადგენილ ვადაში არ მოიწვევს კომიტეტის რიგგარეშე სხდომას მაშინ, დადგენილი ვადის გასვლიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა მას იწვევს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატორი და სხდომა იმართება მოწვევიდან არა უგვიანეს მე-4 დღეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე კომიტეტის წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი. ასეთ შემთხვევაში კომიტეტის წევრებს უფლება აქვთ შეუფერხებლად გამართონ სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში. სხდომის თავმჯდომარეს ირჩევს კომიტეტი.
9.    ეროვნული კომიტეტის სხდომის გამართვის დრო და ადგილი მორიგი სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე, ხოლო რიგგარეშე სხდომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის წევრებისთვის სხდომის გამართვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს პარტიის თავმჯდომარე ნებისმიერი გონივრული საშუალებით (შეხვედრა, ფოსტა, ელფოსტა, სატელეფონო შეტყობინება, კომიტეტის სხვა წევრის ან ცენტრალური ადმინისტრაციის თანამშრომლის მეშვეობით შეტყობინება).
10.    ეროვნული კომიტეტის მორიგი სხდომა იმართება განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. დღის წესრიგს ადგენს პარტიის თავმჯდომარე და სხდომის გამართვამდე 7 დღით ადრე აცნობებს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს. ეროვნული კომიტეტის წევრს უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგში რომელიმე საკითხის დამატება და ამის თაობაზე სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე მიმართოს პარტიის თავმჯდომარეს. წინადადების გაზიარების შემთხვევაში დაზუსტებულ დღის წესრიგს პარტიის თავმჯდომარე სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე უგზავნის ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს.
11.    ეროვნული კომიტეტის წევრს უფლება აქვს მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე სხდომაზე მოითხოვოს დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანა. დღის წესრიგში დამატებითი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული კომიტეტი სრული შემადგენლობის არა ნაკლებ 1/5 – ის უმრავლესობით.
12.    ეროვნული კომიტეტის სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე მაინც გასაცნობად უნდა გაეგზავნოს ეროვნული კომიტეტის ყველა წევრს, ხოლო სხდომის დაწყებისას ყველა დოკუმენტი უნდა გადაეცეს ბეჭდური ფორმით.
13.    რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს სხდომის მოწვევის ინიციატორი და სხდომა იხურება მისი ამოწურვისთანავე. რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა დაუშვებელია. დროის სიმცირის გამო შესაძლებელია რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი და სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები ეროვნული კომიტეტის წევრებს წინასწარ გასაცნობად გაეგზავნოთ ამ მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებით დადგენილი ვადების დაუცველად.       
გვერდი 1 / 2 (1 - 1 2 სულ) შემდეგი გვერდი ბოლო გვერდი