შესვლა
კალენდარი
ამინდი
წესდება
რეგისტრირებულია
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
2009 წლის 3 აგვისტოს №162 ბრძანებით
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
წესდება
პრეამბულა
საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში. თავის საქმიანობაში იგი აღიარებს შემდეგ ღირებულებებს, პრინციპებსა და იდეალებს:
• კაცობრიობის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა, პიროვნების თვითრეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საკუთრივ კაცობრიობის, საზოგადოების, სახელმწიფოს უპირველეს ამოცანასა და ფუნქციას შეადგენს;
• ადამიანის უშუალო საარსებო გარემო არის საზოგადოება. საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში ყალიბდება ზნეობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების წევრთათვის ამ ზნეობის შესაბამისი ცხოვრების წესის გარანტიებს და მოითხოვს მათგან გარკვეულ თვითშეზღუდვას სხვებისათვის შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად;
• ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, პიროვნების თვითრეალიზებისათვის პირობების შექმნის, მოქალაქეთა და მათ კერძო თუ ჯგუფურ ინტერესებს შორის ურთიერთობის რეგულირება მიჩნეულია საზოგადოებრივ საქმედ – Res Publica. აუცილებელ ინსტიტუტს ამ საქმეთა მოსაგვარებლად წარმოადგენს სახელმწიფო;
• სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ თავისი დანიშნულების შესრულების ინსტრუმენტი არის კანონი. კანონის საფუძველზე შექმნილი მექანიზმებითა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სახელმწიფო ხელს უწყობს პიროვნების პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამის ქმედებებს და ზღუდავს ნეგატიური თვისებებით ან სხვა მოტივებით განპირობებულ სოციალური ჰარმონიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს;
• სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერის მიერ ცხოვრების დამკვიდრებული წესისა და საცხოვრისის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა, სახელმწიფოებრიობის მოთხოვნილებაში რეალიზებული თვითმყოფადობის გაცნობიერება, სოლიდარული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ბედ-იღბალზე, შესაბამისი ნება და უნარი;
• ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მოთხოვნილების გონივრული ურთიერთშეხამების საუკეთესო შესაძლებლობას სახელმწიფოში იძლევა კერძო საკუთრების არსებობა და თვითმმართველობის სისტემა, როგორც უშუალო დემოკრატიის რეალური ფორმა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების პასუხისმგებელი წევრის _ მოქალაქის ჩამოყალიბებას;
• სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების მონაწილეობას წარმომადგენლობითი ინსტიტუტების გარდა უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც საფუძვლად უდევს პლურალიზმი და არჩევანის გარანტირებული შესაძლებლობა. სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის პრობლემათა მოგვარების ოპტიმალური საშუალებაა მხარეთა კეთილ ნებაზე დამყარებული მუდმივი დიალოგი.
თავი პირველი
ზოგადი დებულებანი
1.1. რესპუბლიკური პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აღიარებს ლიბერალურ იდეალებს და გამოხატავს მოქალაქეთა ინტერესებს, დაფუძნებულს სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოების, ზნეობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე.
1.2. რესპუბლიკური პარტია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
1.3. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.
1.4. პარტიასთან, მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეიძლება შეიქმნას მხარდამჭერი ჯგუფები და გაერთიანებები.
1.5. პარტია არის იურიდიული პირი.
1.6. პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ალ. გრიბოედოვის 13.
თავი მეორე
პარტიის მიზანი
2.1. პარტიის მიზანია სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მონაწილეობითა და კონსტიტუციური ინსტიტუტების განმტკიცებით პრეამბულაში გაცხადებული პრინციპების დამკვიდრება და დაცვა.
თავი მესამე
პარტიის წევრობა
3.1. პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას და საპროგრამო დოკუმენტებს. პარტიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა პარტიის წევრი.
3.2. მოქალაქეს პარტიის წევრის წერილობითი რეკომენდაციით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით პარტიაში იღებს პარტიის რაიონული(საქალაქო) კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილებასაც ამტკიცებს აღმასრულებელი სამდივნო. მოქალაქის პარტიაში მიღება შეუძლია აგრეთვე აღმასრულებელ სამდივნოს. წევრად მიღების პროცედურასა და წევრთა აღრიცხვის წესს აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით ადგენს პარტიის ეროვნული კომიტეტი.
3.3. პარტიის წევრს უფლება აქვს:
ა) წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს პარტიის ნებისმიერი ორგანოს არჩევნებში;
ბ) მიმართოს პარტიის შესაბამის ორგანოს წინადადებით, განცხადებით, საჩივრით და გონივრულ ვადაში მიიღოს მასზე პასუხი;
გ) გაეცნოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას პარტიის საქმიანობის შესახებ;
დ) შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს მისთვის პარტიული სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები;
ე) შესაბამისი კომიტეტისათვის ან აღმასრულებელი სამდივნოსათვის შეტყობინებით შეაჩეროს თავისი წევრობა გარკვეული ვადის მითითებით ან გავიდეს პარტიიდან.
3.4. პარტიის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას პარტიის წესდება;
ბ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიაში;
გ) მონაწილეობა არ მიიღოს პარტიის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო საქმიანობაში;
დ) თავისი მოქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია.
ე) დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს საწევრო შესატანი.
3.5. წესდებით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის პარტიის წევრს შეიძლება დაეკისროს პარტიული სასჯელი. სასჯელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მის ზომას განსაზღვრავს აღმასრულებელი სამდივნო. პარტიაში დაწესებულია შემდეგი სახის პარტიული სასჯელები:
ა) წერილობითი გაფრთხილება;
ბ) პარტიის წევრობის შეჩერება გარკვეული ვადით;
გ) პარტიიდან გარიცხვა.
3.6. პარტიას შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერები, რომელთა აღრიცხვისა და პარტიასთან ურთიერთობის წესს განსაზღვრავს ეროვნული კომიტეტი.








