ორგანიზაციული სტრუქტურა



ყრილობა

 პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. პარტიის მორიგ ყრილობას იწვევს პარტიის ეროვნული კომიტეტი ორ წელიწადში ერთხელ. პარტიის მორიგი ყრილობა ტარდება შემოდგომაზე. ყრილობაზე დელეგატების შერჩევის წესს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ადგენს ეროვნული კომიტეტი. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გასაზღვრავს პარტიის პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებს. დადგენილი წესით პარტიის წევრთაგან ირჩევს ეროვნულ კომიტეტს. დაგენილი წესით პარტიის წევრთაგან ირჩევს სარევიზიო კომისიას. უფლებამოსილია გააუქმოს ეროვნული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ყრილობის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის ყველა წევრის, ორგანოსა და სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის.


ეროვნული კომიტეტი

ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის უმაღლესი ორგანოა ეროვნული კომიტეტი. ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში რეგლამენტით დადგენილი წესით კოოპტაციით დამატებით შეიყვანოს არაუმეტეს ხუთი წევრისა. ეროვნული კომიტეტის სხდომები ტარდება ორ თვეში ერთხელ მაინც. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომიტეტის წევრთა ერთი მესამედისა. ეროვნული კომიტეტის საქმიანობის წესს განსაზღვრავს რეგლამენტი, რომელსაც იგი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული კომიტეტი ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტებს. პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა სიას. უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გააუქმოს აღმასრულებელი სამდივნოსა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება.


სარევიზიო კომისია

სარევიზიო კომისიას ფარული კენჭისყრით ხუთი წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან წევრთა უმრავლესობით ირჩევენ კომისიის წევრები. სარევიზიო კომისია აკონტროლებს პარტიის წევრების, ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ პარტიის წესდების დაცვას, პარტიის საფინანსო საქმიანობას და თავის დასკვნებს წარუდგენს შესაბამის პარტიულ ორგანოს. სარევიზიო კომისია შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს და შესაბამის პარტიულ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს პარტიული სასჯელების დაკისრებისა და პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა უმრავლესობით. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარტიის ყრილობის წინაშე. პარტიის სარევიზიო კომისიის წევრს უფლება აქვს დაესწროს პარტიის ნებისმიერი დონის ორგანოსა და სტრუქტურული ქვედანაყოფის სხდომას და გამოთქვას მოსაზრებები.


პარტიის თავმჯდომარე

პარტიის თავმჯდომარე პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი მოქმედებს პარტიის ყრილობის, ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად. არის პარტიის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში. აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პარტიის სახელით. ცალკეულ შემთხვევაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს და განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებს. თავმჯდომარე აღმასრულებელ სამდივნოს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურას, შესაბამისი მდივნის წარდგინებით ნიშნავს სამსახურების ხელმძღვანელებს. უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს პარტიის მდივნები და ცენტრალური ადმინისტრაციის თანამდებობის პირები. პარტიის თავმჯდომარის არყოფნის ან ფუნქციათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს პარტიის პოლიტიკური მდივანი.


პარტიის აღმასრულებელი სამდივნო

ყრილობებსა და ეროვნული კომიტეტის სხდომებს შორის პარტიის საქმიანობის წარმმართველი ორგანოა პარტიის აღმასრულებელი სამდივნო, რომელშიც შედიან: პარტიის თავმჯდომარე და ეროვნული კომიტეტის მიერ პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნული 6-9 წევრი (მდივანი), რომელთაგან ნახევარი მაინც, მათ შორის, პოლიტიკური მდივანი, უნდა იყოს ეროვნული კომიტეტის წევრი. აღმასრულებელი სამდივნო შეიმუშავებს პარტიის სამოქმედო გეგმას, წინასაარჩევნო და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა დოკუმენტებს; აკეთებს განცხადებებს პარტიის სახელით; უფლებამოსილია ეროვნული კომიტეტის წინაშე დასვას პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

პარტიის მდივნები უძღვებიან პარტიის აღმასრულებელი საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს და ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებს. აღმასრულებელი სამდივნოს სხდომები ტარდება ორ კვირაში ერთხელ მაინც. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.


დარგობრივი კომისიები

ეროვნული კომიტეტი პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის დარგობრივ კომისიებს და ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს. ეროვნული კომიტეტი ისმენს დარგობრივი კომისიების ხელმძღვანელების ანგარიშებს. აღმასრულებელი სამდივნო კოორდინაციას უწევს დარგობრივი კომისიების საქმიანობას.


ახალგაზრდა რესპუბლიკელები

ახალგაზრდა რესპუბლიკელები (ახალგაზრდული მოძრაობა) პარტიის ავტონომიური სტრუქტურული ერთეულია.


ცენტრალური ადმინისტრაცია

პარტიის თავმჯდომარე აღმასრულებელ სამდივნოს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურას და შესაბამისი მდივნის წარდგინებით ნიშნავს სამსახურების ხელმძღვანელებს. პარტიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს ცენტრალური ადმინისტრაციის თანამდებობის პირები. აღმასრულებელი სამდივნო პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურას.


ქსელი

ახალგაზრდული რესპუბლიკური ინსტიტუტი არის პარტიასთან ასოციირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. რესპუბლიკური ინსტიტუტი ასევე ასოციირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ იდეებს ქადაგებს. მისი ხელმძღვანელია რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილი.

ჩვენ შესახებ