მთავარი თემა
ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი თვითმმართველობა, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია


ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც არ წარადგინა მერობის კანდიდატი. იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ რესპუბლიკური პარტიის ადგილი და როლი ამ არჩევნებში, თვითმმართველობის ორგანოებში 2017 წელს არის სწორედ საკრებულოებში, იქ სადაც მიიღება თვითმმართველობის სფეროში პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ასევე მოგვაჩვნია, რომ ძალიან ბევრი მერობის კანდიდატი ერთმანეთს ასუსტებს და აძლიერებს სახელისუფლებო კანდიდატს.  ამიტომ ჩავთვალეთ, რომ დამატებით რესპუბლიკური პარტიის მერობის კანდიდატის წარდგენა არ იქნებოდა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ პოზიციონერობაში არ დაგვეხმარებოდა. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რას შევთავაზებთ საკრებულოში ყოფნის შემთხვევაში თბილისის ამომრჩეველს, რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ დავიცვათ მისის ინტერესი, და ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებზე ისაუბრებს, ფუნდამენტურზე იმიტომ, რომ თვითმმართველობა, ეს არის პირველი რგოლი დემოკრატიის მშენებლობის, საიდანაც იწყება დემოკრატიის შენება.

 

ჩვენ ვთვლით, რომ ამდენი ოპოზიციის კანდიდატი ერთმანეთს ასუსტებს და კიდევ ერთი კანდიდატი ვერაფერს ვერ შეძენდა ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ რეალისტები.

 

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ როდესაც  ის არის პოლიტიკური პარტია , დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა არ იქნება სწორი, რადგან ელისაშვილის პროგრამული ნაწილი გულისხმობს იმას, რომ მას არ სურს პოლიტიკურ პარტიებთან აპელირება, ის დამოუკიდებელია. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელი იქნებოდა პოლიტიკური პარტიის მხრიდან ამ სახის კანდიდატის ღიად მხარდაჭერა, მისი კამპანიის ნაწილად გახდომა. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ნებისმიერ პროდასავლურ, ევროპული ორიენტაციის ოპოზიციის კანდიდატს. ჩვენ ვგულშემატკივრობთ იყოს მეორე ტური და მეორე ტურში  გავიდეს ისეთი კანდიდატი, რომელიც რეალურად დაამარცხებს კახი კალაძეს. ეს არის ის, რაც რესპუბლიკურ  პარტიას ამ შემთხვევაში სურს და რასაც თვლის ყველაზე კარგ გამოსავლად არსებული ვითარებიდან.

 

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არის სამი გამოკვეთილი კანდიდატი: ელენე ხოშატარია, ალეკო ელისაშვილი, ზაალ უდუმაშვილი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პრინციპული არ არის რომელი გადავა მეორე ტურში, პრინციპულია  ჩატარდეს მეორე ტური რომელიმე მათგანის მონაწილეობით. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის შემთხვევაში გამოცდილება გვაქვს,  რომ მეორე ტურში მარცხდება ქართულ ოცნებასთან და აქ შეიძლება დავინახოთ რისკები.  მთავარი და უმთავრესი არის ის, რომ თვითმმართველობის დონიდან დაიწყოს გარდატეხა და სიახლის შეტანა პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკურ  პროცესში სიახლე ვერ შევა თუ თბილისის მერი ისევ იქნება სახელისუფლებო კანდიდატი, ეს იქნება ერთპარტიული მმართველობა მთელ ქვეყანაში.

 

ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი მთავარი თემა თვითმმართველობა და საპატრიარქო, და ჩვენი ერთერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სწორედ ამაზე საუბარი საკრებულოში, იმიტომ რომ, ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად დავსვათ საკითხები. როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები საუბრობენ იმაზე რომ სოციალური დახმარებები უნდა გაიზარდოს, და სულ კეთდება აქცენტი თანამდებობის პირების ხელფასებზე, პრემიებზე და ა.შ.  ასევე წართმევაა ჩვენი ფულის, იმ ქონებების, იმ ფულის გადაცემა საპატრიარქოს მოთხოვნით კონკრეტული ეკლესიების ასაშენებლად და ა.შ. ესეც არის ჩვენ ჯიბეებში ხელის ჩაყოფა.

 

და ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ მერთან რომელიც ამ იდეებს გაატარებს, ვუსვამ  შეკითხვას, მათთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი ის თემები რომელზეც რესპუბლიკური პარტია ლაპარაკობს. და რესპუბლიკელებს მიგვაჩნია, რომ თითოეული მოქალაქისთვის ჯიბეში ხელის ჩაყოფა ამას გააკეთებს თანამდებობის პირი ხელფასის და პრემიის სახით თუ ამას გააკეთებს საპატრიარქოს წარმომადგენელი ეკლესიის დაფინანსების სახით ერთი და იმავეა და ამას ერთნაირად უნდა შევებრძოლოთ.

ჩვენ ვსვამთ ძალიან მტკივნეულ საკითხებს, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ქმნის პირობებს იმისათვის, რომ სპეციალური საჭიროების ადამიანებისთვის არ არის თბილისში და საქართველოში ადაპტირებულ გარემო, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გვიყოფს ჯიბეში ხელს და ართმევს პენსიის რაღაც ნაწილს ჩვენს მოქალაქეებს. ამას ვინც არ უნდა აკეთებდეს, ხმა უნდა ამოვიღოთ ყველას მიმართ ერთნაირად. 2016-2017 წლებში მარტო თბილისის საკრებულოს 180 ათასი კვადრ. მიწა აქვს გადაცემული უსასყიდლოდ საპატრიარქოსთვის. ამაზე რატომ არ ბედავს არავინ საუბარს, ამაში რატომ არ გვიდგას გვერდში არაცერთი პოლიტიკური პარტია,  რატომ არსებობს ტაბუირებული და ხელშეუხებელი თემები.

ძლიერი თვითმმართველობა ნიშნავს, რომ საკუთარ საკითხებზე მოქალაქეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას და როცა ძლიერი იქნება თვითმმართელობა, მოქალაქეები თვითონ გადაწყვეტენ  მისცენ თუ არა ეს ფული კონკრეტულ სუბიექტს, თუ დააფინანსონ საკუთარი გზები, გაიზარდონ სოციალური შემწეობა თუ შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე პირებს შეუქმნან ადაპტირებული გარემო. მეტი დამოუკიდებლობა არც ცენტრალურ ხელისუფლებას და არც საპატრიარქოს არ მისცემს შესაძლებლობას ასე წაიტაცოს და მიითვისოს ჩვენი ქონება.

 

ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ხელისუფლება, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი თვითმმართველობა, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია,. ეს არის ჩვენი ძირითადი სურვილი.


სიახლეები
სოციალური ქსელი