მთავარი თემა
"თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების" სოციალური რეკლამა მაუწყებელში

დღეს, 3 აგვისტოს, „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ ლიდერებმა საზოგადოებრივ მაუწყებელში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სოციალური რეკლამა მიიტანეს. რგოლი ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას, კერძოდ პრეზიდენტის არჩევის წესს ეხება. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის სახელზე დაწერილ მიმართვას ხელს ნინო გოგუაძე, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია აწერენ.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არ დააკმაყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელების“ 19 ივნისის საჩივარი, რომლის მიხედვითაც, ბლოკი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ე.წ. სოციალური რეკლამის ეთერიდან ამოღებას ითხოვდა, რადგან არსებული სარეკლამო რგოლი იყო მიკერძოებული და აშკარად ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ ინტერესებს. კომისიამ არ მისცა გაფრთხილება მაუწყებელს და არც სარეკლამო რგოლის ეთერიდან ამოღება მიიჩნია საჭიროდ. გადაწყვეტილების დასაუთებაში კი ეწერა, რომ გასაჩივრებული სარეკლამო რგოლი აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის სტანდარტებს.

სწორედ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, ბლოკის მიერ დღეს წარმოდგენილი სოციალური რეკლამაც უნდა მოხვდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის სამაუწყებლო ბადეში.

„ჩვენი სოციალური რეკლამა ეხება საკონსტიტუციო ცვილებებს, მიმდინარე რეფორმას, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას და იმას თუ როგორ არის მოწყობილი საპარლამენტო რესპუბლიკები ევროპაში - ამაზეა საუბარი რეკლამაში, ისევე როგორც წინა რეკლამაში, რომელიც ჩვენი საჩივრის საფუძველზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განიხილეს და ჩათვალეს, რომ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის სტანდარტებს“,- თამარ კორძაია, რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი.

„ეს რეკლამა უნდა გავიდეს ეთერში, კომისის მიერ ჩვენი საჩივრის პასუხად გამოგზავნილი დასაბუთების და საზოგადოებრივი მაუწყებლის სტანდარტების შესაბამისად. ეს იქნება ნიშანი, რამდენად დამოუკიდებელია საზოგადოებრივი მაუწყებელი რამდენად იცავს სტანდარტს, რომელზეც თავად გვესაუბრებიან“,- ხათუნა სამნიძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის თაობაზე საჩივარი 19 ივნისს შევიდა. მას ხელს „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია აწერდნენ. საჩივარი შეეხებოდა სავარაუდო სოციალურ რეკლამას, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გადიოდა. სარეკლამო რგოლში ხაზგასმული იყო, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველო საპრეზიდენტო მმართველობიდან გადადის საპარლამენტო მმართველობაზე, ხოლო ევროპული საპარლამენტო მმართველობა გულისხმობს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევის წესს. სარეკლამო რგოლი არ აკმაყოფილებდა სოციალური რეკლამის განმარტებას, ამიტომ ხელმომწერები საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაფრთხილების მიცემასა და რგოლის ეთერიდან ამოღებას ითხოვდნენ.

იმ, შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი 7 დღის ვადაში წარმოდგენილ სარეკლამო რგოლს ეთერში არ გაუშვებს, ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს. 

იხ. ბლოკის მიერ მომზადებული სოციალური რეკლამა:






სიახლეები
სოციალური ქსელი