მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტიის განცხადება
რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას, უმრავლესობა კვლავ უგულებელყოფს კანონის მოთხოვნებს და უკვე არაერთგზის, სრულიად დაუსაბუთებელი მიზეზების გამო, მხარს არ უჭერს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას, რომელიც წარდგენილია უმცირესობის კვოტით. 

მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების რთულ და გამჭვირვალე პროცესში ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია: ა) კომისია, სრულიად ღია პროცესის პირობებში, პარლამენტისათვის წარსადგენად შეარჩევს კანდიდატებს და ბ) ინტერესთა მრავალფეროვნების სრულყოფილად ასახვისთვის, კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან პარლამენტისათვის წარსადგენად სხვადასხვა სუბიექტებიები არჩევენ თავისთვის სასურველ კანდიდატს, რომელიც მათი ხედვით უკეთ შეასრულებს მეურვის ფუნქციას. 

აღსანიშნავია, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილი კრიტერიუმი მაღალი პოლიტიკური კულტურისა და კონკრეტულ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხზე, პოლიტიკური ოპონენტების მიერ გადაწყვეტილების კონსენსუსით მიღების პრაქტიკას აყალიბებს. 

თუმცა, პარლამენტში არსებული უმრავლესობა არ უწევს ანგარიშს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პარლამენტის თავმდჯომარის მიერ შერჩეული საკონკურსო კომისიის 9-ვე წევრის მხარდაჭერა მოიპოვა ნინია კაკაბაძემ. მან კონკურსის მიმდინარეობისას დაადასტურა მაღალი კვალიფიკაცია, მოვალეობისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა (არაფერს ვამბობთ კანონის ფორმალურ  მოთხოვნებთან შესაბამისობაზე). 

პარლამენტში ნინია კაკაბაძის მიმართ უკვე არაერთგზის გამოხატული უარყოფითი პოზიცია, ტოვებს შთაბეჭდილებას - ის იმდენად მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“ პერსონალურად,  რომ მმართველი გუნდი მზადაა არ გაითვალისწინოს კანონით დადგენილი არცერთი მოთხოვნა, მხოლოდ იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არ მოხვდეს სამეურვეო საბჭოში. 

მიგვაჩნია, რომ განმეორებით კენჭისყარეზე ნინია კაკაბაძის წარდგენა არის შესაძლებლობა, პარლამენტის წევრებმა იხელმძღვანელონ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის სულისკვეთებით და ხმა მისცენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მიერ წარდგენილ კანდიდატს და დაიწყონ მაღალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება. 

სიახლეები
სოციალური ქსელი