მთავარი თემა
რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა
რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო პროგრამა



ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი.

საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების დროს ყოველთვის გვესმის, რომ აქ მთავარია ავირჩიოთ კარგი მეურნე და არა პოლიტიკოსი, რომ საკრებულოებმა და მერიებმა უნდა იზრუნონ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაზე და ამიტომ პარტიული წარმომადგენლობების ნაცვლად გვჭირდება მენეჯერები და სპეციალისტები.

ჩვენი აზრით, ეს შეხედულება არის არსებითად მცდარი და ყველა ხელისუფლების მიერ გამოიყენება როგორც ერთგვარი ხრიკი პოლიტიკური კონკურენციის წინააღმდეგ. მართლაც, თუ არჩევნებს დავიყვანთ რაღაც სამეურნეო დანიშნულებამდე, ხელისუფლება ავტომატურად აღმოჩნდება პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რადგან სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მომსახურების ბერკეტები მათივე ხელშია. 

რესპუბლიკურ პარტიას მიაჩნია, რომ ადგილობრივი არჩევნები, უპირველეს ყოვლისა, არის სწორედ პოლიტიკური არჩევნები. იმ საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას, რომელიც ყველა შეხედულების მქონე მოქალაქეს ერთნაირად აწუხებს, უპირველეს ყოვლისა, სჭირდება პოლიტიკური ნება, ერთიანი კონცეპტუალური ხედვა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლება რაიმე სერიოზულ წინსვლაზე ფიქრი.

თვითმმართველობის რეფორმა

ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შექმნა და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა წარმოადგენს ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას. ამის საფუძველი კი შეიძლება იყოს მხოლოდ მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც მოიცავს შესაბამის პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ და ფისკალურ ასპექტებს.

ცენტრალურ ხელისუფლებას ყოველთვის უჭირს საკუთარი ნებით დათმოს ძალაუფლება და მოახდინოს მისი დეცენტრალიზაცია. მიუხედავად იმისა,  რომ დეცენტრალიზაციის აუცილებლობა თითქოსდა საყოველთაოდ აღიარებულია, პრაქტიკულ ქმედებებში ყველა ხელისუფლება სრულიად საპირისპირო ტენდენციას ამკვიდრებდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი მართვის ბერკეტი ჰქონოდა ხელში. ასე მოხდა 2012 წლის არჩევნების შემდეგაც, როდესაც თითქოს გადაიდგა პირველი ნაბიჯები რეალური დეცენტრალიზაციისკენ, მაგრამ ამ ნაბიჯებს მაშინვე შეხვდა ძლიერი წინააღმდეგობა თავად ხელისუფლების შიგნით, რასაც ზურგს უმაგრებდა ისეთი გავლენიანი საზოგადოებრივი ინსტიტუციის მხარდაჭერა, როგორიცაა საქართველოს საპატრიარქო. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა პირადად განაცხადა ერთ-ერთ ქადაგებაში, რომ მმართველობის დეცენტრალიზაციის პროექტის განხორციელებით მოხდება საქართველოს დაშლა-დაქუცმამცება და ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ.  პატრიარქის ამ განცხადებას კი მოჰყვა შესაბამისი რეაქცია მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია თვითმმართველობის რეფორმის თავდაპირველი პროექტის გადამუშავება და რეალურ დეცენტრალიზაციაზე უარის თქმა.  

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ეფექტიანი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის უმნიშვნელოვანესია თვითმმართველობის რეფორმის სრული განხორციელება. ისეთი რეფორმისა, რომელიც ინსტიტუციურად გააძლიერებს თვითმმართველობის სტრუქტურების, კერძოდ მერიებისა და საკრებულოების როლს მართვაში, მიანიჭებს ამ სტრუქტურებს მკაფიოდ გარკვეულ ფართო უფლებამოსილებებს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, უზრუნველყოფს მოქალაქეთა ჩართულობას. 

ამ მიზნით, რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა თვითმმართველობის რეფორმის კონკრეტული პროექტი. კერძოდ, პარტიას მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა. 

პირველი დონის ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტი.  მეორე დონის ადგილობრივ თვითმმართველობას წარმოადგენს რეგიონი. სისტემა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, რომელებიც არ სცდება დასახლების საზღვრებს, წყვეტს პირველი დონის თვითმმართველობა - მუნიციპალიტეტი.

ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც თავისი არსით ინტერმუნიციპალური ხასიათისაა, წყვეტს მეორე დონის თვითმმართველობა - რეგიონი.

რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების დეცენტრალიზაცია, კომპეტენციათა, ფინანსების და ქონების სრული გამიჯვნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, სრულყოფილი ტერიტორიული ოპტიმიზაცია, ხელისუფლების ვერტიკალურ შოტოებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის სისტემების შემოტანა, მოქალაქეთა ჩართულობის, პლურარული პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფა არის ჩვენი სახალმწიფოს გამოწვევა, რომელზეც პასუხი მნიშვნელოვნად განაპირობებს უახლოესი რამოდენიმე ათეული წლების ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებას. 

ასევე უნდა დაჩქარდეს მუნიციპალიტეტისთვის ქონების გაცემის და ფისკალური დეცენტრალიზაციის საკითხები. კონსტიტუციური პრინციპის რანგში უნდა იქნეს აყვანილი ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციების განხორციელებისთვის აუცილებელი ქონება და ფინანსები. ქვეყანაში უნდა შეიქმნას ფინანსური და ეკონონომიკური გარანტიები ადგილობრივი თვითმმართველობის განსახორციელებლად.

ფინანსური რესურსის მობილიზების ძირითადი წყარო უნდა გახდეს ზიარი გადასახადების პრინციპი. ქონების გადასახადი მუნიციპალური მნიშვნელობის გადასახადია. სახელმწიფოს, რეგიონს და მუნიციპალიტეტს შორის უნდა განაწილდეს საშემოსავლო და მოგების გადასახადები, საგადასახადო შემოსულობების პროცენტრული განაწილება დადგენილი უნდა იყოს ორგანული კანონით და შეესაბამებოდეს განსახორციელებელ კომპეტენციებს.

კანონით უნდა განისაზღვროს ქონების განაწილების შემდეგი პრინციპები:

არასასოფლო და სასოფლო-სამეურნეო მიწები ეკუთვნის მუნიციპალიტეტის დონეს

ბუნებრივი რესურსები თავისი მნიშვნელობის მიხედვით განაწილებულია  რეგიონულ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის

რეგიონის და მუნციპალიტეტს უნდა მიეკუთვნოს მისი კომპეტენციების განსახორციელებლად საჭირო ქონება.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემის გამოყენებით და მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების გამოყენებით. საკრებულოს ნახევარი კომპლექტდება მაჟორიტარული წესით, სადაც მონაწილოების საშუალება აქვს საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსაც, ხოლო ნახევარი პროპორციული წესით, სადაც პარტიები მონაწილეობას იღებენ ნახევრად ღია საარჩევნო სიების გამოყენებით და 4%–იანი ბარიერის პირობებში. 

მუნიციპალიტეტის გამგებელი ირჩევა უბრალო მაჟორიტარული სისტემით. 50%–იანი საარჩევნო ბარიერის გათვალისწინებით.

მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების ფორმირება დაეფუძნება იმ ტერიტორიულ განსაზღვრულობას, სადაც არის შესაძლებლობა პარტიის ხედვაზე დაყრდნობით მომავალში შეიქმნას ახალი მუნიციპალიტეტი.
რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანო - რეგიონის საბჭო ირჩევა არაპირდაპირი წესით. აქტიური საარჩევნო უფლება აქვს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს. ხოლო პასიური საარჩევნო უფლება - საინიციატივო ჯგუფებს და პარტიებს. რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოში წარმოდგენილი პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები ფლობენ მანდატების იმავე რაოდენობას, რომელიც მათ გააჩნიათ მუნიციპალურ დონეზე. საბჭოს წევრების შესარჩევად ტარდება შიდაპარტიული პრაიმერი, ხოლო მუნიციპალიტეტის დამოუკიდებელი (უპარტიო) დეპუტატები რეგიონის საბჭოში ირჩევენ იმ რაოდენობის წევრებს, რამდენი მანდატიც შეესაბამება მათ წარმომადგენლობას მუნიციპალურ დონეზე. 
რეგიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელს - რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელს, უბრალო მაჟორიტარული სისტემის გამოყენებით ირჩევენ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები და მერები 50%–იანი ბარიერის გათვალისწინებით. 

უფრო დაწვრილებით რესპუბლიკური პარტიის ხედვა თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით გადმოცემულია პარტიის პოლიტიკურ დოკუმენტში „ორდონიანი თვითმმართველობა - მმართველობის დეცენტრალიზაციისთვის.“ 


დედაქალაქი


საქართველოს დედაქალაქი - თბილისი, მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური დანიშნულების, ასევე მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობაში ყოველთვის სარგებლობდა განსაკუთრებული სტატუსით. პარტიის ხედვის მიხედვით, დედაქალაქ თბილისში ასევე უნდა შეიქმნას სრულად ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა.

კერძოდ, თბილისი წარმოდგენილი იქნება რეგიონალური ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმით, სადაც გაერთიანდება 25 დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი.

განსხვავებით რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებისგან, თბილისის რეგიონს ეყოლება პირდაპირ არჩეული მერი. დარჩება სტრუქტურული ერთეული - თბილისის მთავრობა, შემდეგი შემადგენლობით: მერი, მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები. ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების საოპერაციო ხელმძღვანელობას განახორციელებს ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც შეირჩევა კონკურსის წესით და იქნება საჯარო მოხელე.

თბილისის წარმომადგებლობითი ორგანო საკრებულო - დაკომპლექტებული იქნება 50 პირდაპირი წესით არჩეული წევრისგან, რომლებიც აირჩევიან 3 მრავალმანდატიანი ოლქში, პროპორციული სისტემით.

დედაქალაქში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღება საშუალებას მოგვცემს უზრუნველვყოთ მოქალაქეთა უფრო მეტი ჩართულობა იმ გადაწყვეტილებათა მიღებაში, რომელებიც ეხება მათ ყოფით პრობლემებს. არსებულ ვითარებაში საკრებულოს მუშაობას აქვს უფრო ფორმალური ხასიათი, რადგან პრინციპულად შეუძლებელია საკრებულოს წევრი გაერკვეს მილიონნახევრიანი ქალაქის სამეურნეო-საყოფაცხოვრებო ყველა პრობლემის ტექნიკურ დეტალებში. თბილისის საკრებულო დაკავებული უნდა იყოს იმ საკითხებით, რაც ეხება მთელ ქალაქს და მთლიან ურბანულ პოლიტიკას, ყველაფერი დანარჩენი კი უნდა გადავიდეს პირველი დონის თვითმმართველობაში, შესაბამისი ადმინისტრაციულ-ფინანსური ბერკეტებით.

ამგვარი დეცენტრალიზაციის ეფექტიანობაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს არსებულ სიტუაციებში გამგეობების მხრიდან თანხების ათვისება თითქმის ასპროცენტიანია, მაშინ, როდესაც თბილისის მერიას ყოველწლიურად რჩება აუთვისებელი რამდენიმე ათეული მილიონი ლარი.

თვითმმართველობის სტრუქტურების სისტემური გამართულობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა იმისა, რომ გადაიჭრას დედაქალაქის წინაშე მდგარი არაერთი მწვავე პრობლემა. თუმცა, ამასთან ერთად აუცილებელია, პოლიტიკური ნების არსებობა, მკაფიოდ გამოხატული კონცეპტუალური ხედვა, რაზედაც დაფუძნდება შემდგომ ურბანული პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებები. 


უსაფრთხო ქალაქი

რესპუბლიკურ პარტიას ასეთ კონცეპტუალურ ჩარჩოდ მიაჩნია “უსაფრთხო ქალაქის” კონცეფცია.
რას ნიშნავს “უსაფრთხო ქალაქი”?

ეს ნიშნავს:

ა) ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, მწვანე ნარგავების, პარკების და სკვერების პრიორიტეტულ მნიშვნელობას. დღეს თბილისში გამწვანებისა და ეკოლოგიის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა. არსებული პრაქტიკის მიხედვით გარემოს დაცვა არათუ პრიორიტეტული არაა, არამედ მიიჩნევა დეველოპერული ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორად. აუცილებელია ამ პრაქტიკის შეცვლა იმისთვის, რომ ეკოლოგია და გარემოს დაცვა გახდეს რეალურად პრიორიტეტული.

ბ) ქალაქის განტვირთვას საცობებისგან, საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებას. თანამედროვე ურბანული პოლიტიკის მიხედვით ქალაქი უპირველეს ყოვლისა მორგებული უნდა იყოს ფეხით მოსიარულე მოქალქეებზე. დღეს შექმნილია ვითარება, როდესაც თბილისში ფეხით სეირნობა გახდა სერიოზული პრობლემა, ქალაქის ცენტრშიც კი არაერთია ისეთი მონაკვეთი, სადაც ტროტუარები ფაქტობრივად გაუქმებულია,  ფეხით სასიარულო არეალი კი მანქანების ავტოსადგომებადაა გადაქცეული.

ამ მიმართულებით სიტუაციის გამოსასწორებლად საჭიროა:

ახალი, თანამედროვე მიდგომებსა და თანამედროვე ურბანულ სტანდარტებზე  დაფუძნებული, ქალაქის საზოგადოებრივი სატრანსპორტო სქემის შემუშავება და იმპლემენტაცია.

მეტროპოლიტენის ქსელის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, ხოლო უახლოეს ხანში ამ მხრივ არსებული რეზერვების გამოყენება და არსებული ქსელის მოდერნიზაცია.

“სითიპარკთან” დადებული კაბალური ხეშეკრულების შეწყვეტა და ახალი კონკურსის გამოცხადება. ქალაქში ავტოსადგომების საფასურის დივერსიფიცირებული სისტემის შემოღება.

ფეხით სასიარულო ზონებისა და ველობილიკების განვითარება. ფეხით სავალ ნაწილზე ავტომობილების დაყენების აკრძალვა და დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების გამოყენება.

ახალი გზების, ესტაკადებისა და  ხიდების გაშენება ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პარამეტრების მიხედვით, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება.

გ) ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოს ყველა მოქალაქისთვის. უმცირესობათა ინტეგრაციას თვითმმართველობის სტრუქტურებსა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ზემოთ ნახსენებ თვითმმართველობის რეფორმასთან და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის სრულყოფასთან.

იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის ბიუჯეტი არ არის ორიენტირებული ყველა ადამიანზე და არ უზრუნველყოფს ყველა ჯგუფისთვის უსაფრთხო გარემოს, ამასთანავე ძალიან მარტივად შეიძლება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით, კონკრეტული მიმართულებების გაუქმებისა თუ ეკონომიურად დაფინანსების პირობებში პრიორიტეტების გამოკვეთა.

რესპუბლიკური პარტია გამოდის კონკრეტული ინიციატივით, რომ 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და შესაბამისად შემდეგი წლებისთვის დაიგეგმოს:

ა) შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად 10 მილიონი ლარი.
ბ) სექსუალური ორიენტაციის გამო ოჯახებიდან გარიყული, საცხოვრისის გარეშე დატოვებული ადამიანებისთვის  (რაც საკმაოდ სერიოზული პეობლემაა დღეს და ხშირად ახალგაზრდები არიან) სოციალური სახლის აშენებისთვის და ფუნქციონირებისთვის 5 მილიონი ლარი.
გ) შშმ ბავშვების მშობელი მარტოხელა დედების დახმარებისთვის 3  მილიონი ლარი.  

ამ თანხების და უფრო მეტის მოძიება დღეს არსებულ ბიუჯეტშიც ძალიან მარტივად შეიძლება. კერძოდ:
შევამციროთ თანხები ბიუჯეტით გათვალისწინებულ - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში - 0,5 მილიონი ლარი.

ამ მუხლში სულ გათვალისწინებულია 2 მილიონი ლარი, მაგრამ როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, თანხები ხშირად იხარჯება არამიზნობრივად, მზადდება ისეთი პროექტები რომელთა განხორციელებასაც მერია ვერ ან არ ახერხებს (მაგალითად, ცინცაძე- კარტოზიას ესტაკადა, ესტაკადა ვაშლიჯვრის ჩამოსასვლელთან, ლაგუნა ვერესთან გზის გაფართოების პროექტი და სხვა). 

ასევე შევწყვიტოთ :

ბიუჯეტით გაწერილი - ეკლესიების დახმარება - 1,52 მილიონი ლარი. 

ეკლესიებზე გადაცემული მიწების აუქციონის წესით რეალიზაცია  - 8 მილიონი ლარი.
ასევე -  საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელება - 1,087 მილიონი ლარი.  
აუცილებელია მერიის და საკრებულოს ავტოპარკის ერთი მესამედით შემცირება - 4 მილიონი ლარი 
მაჟორიტარ დეპუტატთა ბიუროების გაუქმება - 1,5 მილიონი ლარი.

მაჟორიტართა ბიუროებს არ გააჩნიათ რეალური უფლებამოსილებები და ძირითადად  განცხადებების შეგროვებითა და გამგეობებსა და მერიის სტრუქტურებში მათი გადაცემით არიან დაკავებულნი, ანუ ფაქტობრივად ახდენენ გამგეობებს დაქვემდებარებული მუნიციპალიტეტების ფუნქციის ერთგვარ დუბლირებას. 

შევამციროთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების დაფინანსება 2 მილიონი ლარით.

იგულისხმება ის თანხა, რაც  თავმჯდომარეების საჩუქრებისა და „ტრენინგებისთვისაა“ გამოყოფილი.
ჯამში გამოთავისუფლებული თანხები აჭარბებს 18 მილიონ ლარს, რაც სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიწყოს ზემოაღნიშნული ინიციატივების პრაქტიკული განხორციელება.

რაც შეეხება იმ მძიმე ვითარებას, რომელიც ქალაქში შექმნილია უსისტემო და ქაოტური მშენებლობების გამო, ასევე ისტორიულ მემკვიდრეობასთან დამოკიდებულებას და ახალი სივრცეების ათვისებას, აქ რესპუბლიკური პარტია ძირითდად იზიარებს “სიტი ინსტიტუტის” მიერ შემუშავებულ დედაქალაქის განვითრებისა და მიწათსარგებლობის  გენერალური გეგმაში ასახულ მიდგომებს. მთავარია, ეს გეგმა რეალურად ამოქმედდეს და ისე არ გამოვიდეს, რომ მხოლოდ ქაღალდზე დარჩეს. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა სრულ საფუძველს გვაძლევს ამგვარი ეჭვებისთვის, რადგან ქართულმა ოცნებამ პრაქტიკულად გააგრძელა ნაციონალური მოძრაობის ურბანული პოლიტიკა, რაც გამოიხატებოდა ხელისუფლებასთან დაახლოებული დეველოპერული კომპანიებისთვის პრაქტიკულად განუსაზღვრელი უფლებამოსილებების მინიჭებაში. 

შეჯამება

დედაქალაქში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში თვითმმართველობის სტრუქტურათა საქმიანობაში უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანი, თითოეული მოქალქის და არა რომელიმე გავლენიანი ჯგუფის თუ ბიზნესის ინტერესები. ბიზნესის განვითარება მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არამც და არამც არ უნდა მოხდეს მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერსების ხარჯზე. 

მთავარი არის ადამიანი. მთავარი არის მოქალაქე.

ამისთვის კი ორი რამ არის მთავარი:

პოლიტიკური ნება, რომელიც ამ ხელისუფლებას არ გააჩნია და თვითმმართველობის სტრუქტურული რეფორმა, მმართველობის დეცენტრალიზაცია, რისი პოლიტიკური ნებაც ასევე არ გააჩნია ამ ხელისუფლებას.

სწორედ ამიტომ უთმობს განსაკუთრებულ ყურადღებას რესპუბლიკური პარტია თვითმმართველობის რეფორმას და თვითმმართველობის არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ ისტორიის განვითარების და პროგრესის შეჩერება შეუძლებელია და საქართველოში მმართველობის დეცენტრალიზაცია ადრე თუ გვიან აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც. ჩვენ არ გვაქვს გაჩერების უფლება, რადგან გაჩერება ნიშნავს უკუსვლას. ამიტომ რაც მეტი იქნება მოქალაქეთა აქტიურობა, რაც მეტი ადამიანის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი,  მით მალე მოხდება სასიკეთო ცვლილებები.











სიახლეები
სოციალური ქსელი