მთავარი თემა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლა

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადება

ქვეყანაში არსებული არაჰუმანური და სასტიკი ნარკოპოლიტიკის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე,  დასჯასა და რეპრესიებზე ორიენტირებულ პოლიტიკას კი წლებია შედეგი არ მოაქვს.

„ქართული ოცნების“  ხელისუფლება, ისევე როგორც მისი ყველა წინამორბედი, არ აპირებს შეცვალოს ნარკოპოლიტიკა და დათმოს შანტაჟისა და მანიპულაციის ძლიერი ინსტრუმენტი. მეტიც, იმის ფონზე, რომ შემოდგომაზე პარლამენტმა დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვა უნდა დაიწყოს,  ჩნდება ეჭვი, რომ ხელოვნურად ხდება მიმდინარე პროცესების პროვოცირება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რაც საზოგადოებაში შიშის დანერგვას და არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, ამაზე მიუთითებს ის უზნეო და აშკარად ორგანიზებული კამპანია, რაც სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებშია გაჩაღებული და სადაც ნარკოტიკის მომხმარებელი გამოყვანილია როგორც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედი, რომელიც ყველაფრის ღირსია.
 
„რესპუბლიკელები“ მივიჩნევთ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს არსებული ნარკოპოლიტიკა და სახელმწიფოს ორიენტირი გახდეს ადამიანი, მასზე ზრუნვა, მისთვის შესაბამისი სერვისებისა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ზიანი. ჰუმანური პოლიტიკისათვის ბრძოლაში კი მნიშვნელოვანია საზოგადოების ერთიანობა და მტკიცე ნება არსებული რეალობის შესაცვლელად.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია სრულად იზიარებს ნარკოპოლიტკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დეკრიმინალიზაციის შესახებ. ვუერთდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ მოთხოვნებს, სასწრაფოდ მოხდეს ანაკლიაში ფესტივალზე ახალგაზრდის ტრაგიკული გარდაცვალებისა და რამდენიმე ადამიანის მოწამვლის შემთხვევების გამოძიება.

აქვე გვსურს, მწუხარება გამოვთქვათ და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს.

სიახლეები
სოციალური ქსელი