მთავარი თემა
24 აგვისტო კონსტიტუციის დღეა
24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.  1995 წელს, სწორედ ამ დღეს, პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. 

კონსტიტუცია არის არა მარტო საბაზო საკანონმდებლო დოკუმენტი, რის საფუძველზეცაა აწყობილი ქვეყნის კანონმდებლობა, არამედ არსებითად მნიშვნელოვანია, რომ იგი საყოველთაო შეთანხმების საფუძველზე მიიღება. კონსტიტუცია არის განაცხადი იმის შესახებ, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს.  

სამწუხაროდ, საქართველოში ყველა ხელისუფლების მანკიერ პრაქტიკად იქცა კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, რაც კონსტიტუციონალიზმის უმთავრეს პრინციპს ეწინააღმდეგება და სერიოზულად აფერხებს ქვეყნის განვითარებას. ქართული სახელმწიფოს გაცხადებული კურსი დემოკრატიაზე, პროგრესზე, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაზე შეუთავსებელია იმ მცდელობებთან, რომ ქვეყნის უზენაესი კანონი დაყვანილ იქნას მმართველი ძალის ვიწრო ინტერესებამდე.  

დღესაც, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი  არანაირად არ ასახავს ქართული საზოგადოების ნებას და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება. ამის თაობაზე ერთსულოვნად შეთანხმებულია როგორც პოლიტიკური სპექტრი, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ. რომ ჩვენ ყველამ, კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ რომ კონსტიტუციის ლეგიტიმურობა განისაზღვრება არა იმით, თუ რა სურს მმართველ ძალას, არამედ იმით,  რომ იგი არის საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად  მიღებული დოკუმენტი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთსულოვანი პოზიცია და ძალაში შევიდეს იმგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც იქნება შეთანხმების და გონივრული კომპრომისების შედეგი.   

სიახლეები
სოციალური ქსელი