ინტერვიუ
ლევან ბერძენიშვილი: რესპუბლიკელების გარეშე კოალიციას ვერ ვხედავ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის კოალიციური შეთანხმება უნდა იყოს მიღწეული.

 

 

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ თუკი კოალიცია „ქართულ ოცნებას“ რესპუბლიკელები არ სჭირდება, მაშინ ის კოალიცია არ იქნება.

 

„ინფო 9“-სთან საუბარში ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის მიმართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის კოალიციას „რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე ვერ ხედავს.

 

დეპუტატის თქმით, რესპუბლიკელების გარეშე, ვინც უნდა შეიკრიბოს, მას კოალიციას არავინ დაარქმევს, ყოველ შემთხვევაში, ყველას ეცოდინება, რომ დასავლეთის მიმართულებით რაღაც პრობელემებია.

 

„კოალიციურ შეთანხმებაში ის იგულისხმება, რომ ყველაფერი, რაზეც კოალიციაშია საუბარი, ფორმალიზებული უნდა იყოს. თუ მოხერხდებოდა, ეს ძალიან კარგი იქნებოდა. ფორმალიზება ნიშნავს იმას, რომ კოალიცია შედგება ამა და ამ წევრებისგან, ამა და ამ პრინციპებზე, თითოეულის პასუხისმგებლობა არის ესა და ეს, თითოეულს ეკუთვნის პასუხისმგებლობა, კვოტები, ვალდებულებები და ა.შ. ეს არის ნებისმიერი კოალიციის ჩვეულებრივი, სამუშაო რეჟიმი, როდესაც ყველაფერი გაწერილი და გააზრებულია. 

 

ჯერჯერობით, ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ და ეს არ გვაქვს. კოალიცია იმ პოლიტიკოსთა ერთობაა, რომლებიც მზად არიან დასავლური ორიენტაციისთვის. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს - კოალიციაში „რესპუბლიკელები“ არიან და რას ნიშნავს ეს, რა არის მათი წვლილი, რა არის მათი წილი, რა ეკუთვნით და რა არა, რაზე უნდა ჰქონდეთ პრეტენზია და რაზე არ შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია და ა.შ. როცა ყველა პარტია გაერკვევა, რა როგორ არის, ამ პარტიის ცალკეული წარმომადგენლების მსჯელობები აღარ იქნება და წარმოდგენილი იქნება პროგრამა. 

 

თუკი კოალიციას „რესპუბლიკელები“ არ სჭირდება, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, მაშინ ის კოალიცია არ იქნება. 

 

უკაცრავად, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ გარეშე კოალიციას ვერ ვხედავ. ვინ და ვინ უნდა იყოს ერთად? - უკაცრავად, მაგრამ საქმე ისე არ არის, ჩვენ არ ვიცოდეთ, ვინ ვინ არის. კოალიციაში რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად „ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად, სამი პარტია იყო სულ, დანარჩენები კი, ინდივიდუალურად შემოსული არიან.

 

ახლა, შეიძლება, მრავალპარტიული კოალიცია შეიქმნას, რაც პრობლემა არ არის, მაგრამ „რესპუბლიკელების“ გარეშე ვინც უნდა შეიკრიბოს, მას კოალიციას არავინ არ დაარქმევს. ყოველ შემთხვევაში, ყველას ეცოდინება, რომ დასავლეთის მიმართულებით რაღაც პრობლემები გვაქვს“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

 

კანონმდებელის შეფასებით, თუკი ვინმეს რესპუბლიკური პარტია არ დასჭირდება, ის ძალით ვერცერთ კოალიციაში ვერ შევა.

 

„მხოლოდ იმ კოალიციაში ვიქნებით, სადაც ჩვენი ადგილი არის. აქ არც არავის ხათრით არ ვართ, მეგობრები არავის სამადლოდ არ გვყავს და არც ჩვენ არ ვართ ვინმეს მეგობრები. ნებისმიერ სერიოზულ საზოგადოებაში მეთაურების მოსაზრებებს მოუსმენდნენ. 

 

„ქართულ ოცნებას“ თავისი ხელმძღვანელი ეყოლება და მას უნდა მოვუსმინოთ, რადგან „ქართულ ოცნებაში“ შეიძლება იყოს მრავალი ასეული და ათასი კაცი, ყველას თავისი აზრი ექნება, მაგრამ ყველაფერი ისე არ გადაწყდება, როგორც ცალკეულ პირებს უნდათ. ვიღაცას ვიღაცა მოსწონს, ან პირიქით, რაც ჩვეულებრივი პროცესია. ჩვენ კოალციაში ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ. ვგეგმავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ერთად მივიღოთ“, - აღნიშნავს დეპუტატი.

 

ბერძენიშვილის ცნობით, რესპუბლიკელები შეთანხმებიდან მხოლოდ იმდენს მოითხოვენ, რამდენიც ეკუთვნით.

 

„ყველა იმდენს მოითხოვს, რამდენიც ეკუთვნის“, - ასე პასუხობს ბერძენიშვილი კითხვას, რამდენ მანდატს მოითხოვს „რესპუბლიკური პარტია“.

 

კანონმდებელი ამბობს, რომ ეს მან არ იცის, რადგან აღნიშნული საკითხი მოლაპარაკების საგანია.

 

„პარლამენტში ხუთი ფრაქციაა, ზოგიერთი უფრო დიდია და ზოგიერთი უფრო პატარა. ზოგიერთი ფრაქცია არაპარტიული პირებისგანაც შედგება. კოალიციაში „რესპუბლიკური პარტია“ იმიტომ არის, რომ საჭიროა. როცა საჭირო არ იქნება, გაღიზიანება კი არ იქნება, არამედ მიგვითითებენ, რომ საჭირო არ ხართო და კოალიციაში ვერ შევალთ. 

 

კოალიციაში ძალით ხომ ვერავინ ვერ შევა? ვთვლი, რომ ჩვენ საჭირონი ვართ, ვიღაცა სხვას თვლის. არასოდეს ვანგარიშობ, სხვა პარტიაში ვინ არის საჭირო. ეს ჩემი საქმე არ არის. „ეროვნულ ფორუმსაც“, „ქართულ ოცნებასაც“ და „კონსევრატორებსაც“ მეც შემიძლია რჩევა მივცე მათ შორის ვინ ძლიერია და ვინ სუსტი, მაგრამ ამას არასოდეს არ ვიზამ. ეს ჩვენი საქმე არ არის“, - ამბობს ბერძენიშვილი.

 

დეპუტატი მიიჩნევს, რომ თუკი ვინმე „რესპუბლიკელებში“ არჩევს ვინ კარგია და ვინ ცუდი, ეს შეცდომაა.

 

ბერძენიშვილი რესპუბლიკური პარტიის წარსულს იხსენებს და ამბობს, რომ რამდენჯერმე პარტია პარლამენტში ვერ მოხვდა, მაგრამ ახლა კოალიციაში მათი ყოფნა არითმეტიკულად დამტკიცებულია.

 

„თუკი ერთად არ ვუყვარვართ და არ ვჭირდებით, ჩვენ პარლამენტში 10 კაცი ვართ, უმრავლესობა 86 კაციანია და მგონი, ანგარიში ყველამ იცის. ჩვენი საჭიროება არითმეტიკულად დამტკიცებულია, მაგრამ ხვალ, ზეგ და მაზეგ შეიძლება სხვა არითმეტიკა ამოქმედდეს, თუმცა, არ მგონია, რომ საქმე ასე მარტივად იყოს. „რესპუბლიკური პარტია“ 1990 წელს პარლამენტში იყო, 1995 წელს არ იყო, შემდეგ 2004 წელს იყო, 2008 წელს არ იყო, ახლა 2012 წელს არის და შეიძლება რომელიმე წელს არ იყოს და ეს რა პრობლემაა? ეს პარტიაა იმის გამო არ მოკვდება, პარლამენტში იქნება თუ არა.

 

ყველაფერი ვნახეთ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ არჩევნებამდე ერთად მივალთ. სულ ცოტა რესპუბლიკელები და „ქართული ოცნება“ კიდევ ოთხი წელი ვიქნებით, დანარჩენები გაერკვევიან. იმ ოთხი წლის მერე რა მოხდება, არ ვიცით, რადგან რვა წელი ხელისუფლებაში საკმარისი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ რაიმე გააკეთოს. 

 

ორი საპარლამენტო ვადა საკმარისია რაღაცის საჩვენებლად, ამის შემდეგ შეიძლება ოპოზიციაში წავიდეთ, შეიძლება პარლამენტში საერთოდ ვერ მოვხვდეთ. მაგის მერე არ ვიქნები, მაგრამ სხვები იქნებიან, რადგან პარტიას ახალი ცვლა აქვს“, - დასძინა ბერძენიშვილმა.

 

ინფო 9

სიახლეები
სოციალური ქსელი