ინტერვიუ
24 წლის ფერმერი უკანაფშავიდან

„ვარ ნოდარ ტოხოსაშვილი, 24 წლის, სტუდენტი. მაქვს მცირე ორგანული მეურნეობა უკანა ფშავში. ჩართული ვარ ყველაფერში, რაც ხევში ხდება, ამ ხეობის ყველა საჭირბოროტო თუ კარგ ამბავში ვიღებ მონაწილეობას.“

ნოდარს სოციალურ ქსელებში და არამარტო, უკვე ბევრი იცნობს. მას „ეკობიჭუნას“ ეძახიან. 2015 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფერმერად დაასახელა. დავით აღმაშენებლის აკადემაში ბიზნესის ადმინისტირებას სწავლობს და მეორე კურსზეა. სოფელში, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრზეა, გაზაფხულზე ამოდის, ზამთრის დაწყებამდე რჩება და მონდომებით უძღვება საკმაოდ წარმატებულ ბიზნესს. 

 

„ბავშვობა უკანა ფშავში გავატარე, 7-8 წლამდე. მერე საცხოვრებლად ქალაქ დუშეთში გადავედით იმიტომ, რომ სოფლიდან სკოლა დაახლოებით 15 კილომეტრზეა და სიარული რთული იყო, ზამთრობით კი სრულიად შეუძლებელი. სკოლის დამთავრების მერე გულმა ისევ აქეთ გამომიწია, სოფლისკენ, და დავუბრუნდი ბავშვობის ადგილებს. ბუნებასთან ახლოს ვარ, მეურნეობა მაინტერესებს, ამიტომ მომწონს აქ ყოფნა.    

 

ნოდარს უკანა ფშავში მოჰყავს ჭარხალი, სტაფილო, კომბოსტო, კარტოფილი. აწარმოებს თაფლს, სანთელს, თაფლის არაყს, ყველს, ერბოს ხაჭოს, კარაქს და დამბალხაჭოს. აქვს Facebook გვერდი, რომლის მეშვეობითაც ყიდის მის მიერ წარმოებულ ნატურალურ პროდუქტს. 

 

„ორგანული მეურნეობა კომპლექსურია. თან ისე ურთიერთობ ბუნებასთან და ისე აკეთებ საქმეს, არაფერს აზიანებ. ყველა მოგებული რჩება ამით წარმოებაც, ბუნებაც, და ადამიანიც. სოციალურმა ქსელმა ძალიან შემიწყო ხელი. რასაც ვაკეთებ, რაზეც ვმუშაობ ყვველაფერს, ჩემ რეალურ ცხოვრებას, ვდებ ქსელში და იცი, ხალხს მოსწონს.“

 

„ყველაზე მეტად მთის და ადგილოვრივი მეურნეობების წინსვლა მინდა. ეს არის ჩემი ძირითადი მიზანი, რისთვისაც ვშრომობ და ვსწავლობ. მინდა მთა განვითარდეს ტექნოლოგიურად თუ ინფრასტრუქტურულად. ფეისბუქის მეშვეობით კამპანიაც დავიწყე -უკანა ფშავს და მიმდებარე სოფლებს არ აქვთ კავშირგაბმულობა, დიდი ხანია სახელმწიფოსგან ამ პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ.“

 

„დღეს 21-ე საუკუნეა. ისევე როგორც სხვებისთვის, მთაში მომუშავე ფერმერისთვისაც წარმოუდგენელია კავშირგაბმულობის გარეშე ცხოვრება. პროდუქტის გასაყიდად ხშირად დავდივარ სოფლიდან ქალაქში და მაშინ მაქვს წვდომა ინტერნეტთან. სოფელში კი ისიც არ იცი ცუდად რომ გახდე შეძლებ ექიმთან დაკავშირებას თუ ვერა. კავშირგაბმულობა და ინტერნეტი მთას და სხვა ადგილებს შორის დააჩქარებს მოვლენებს. ჩემ საქმიანობასაც გააადვილებს. ხელს შეუწყობს, რომ ადამიანები დარჩნენ სოფლებში.“

 

„ეკობიჭუნა“ ამბობს, რომ ერთობა მთებზე ხეტიალით, მდინარეზე ყოფნით, წიგნების კითხვით, მეტი გასართობი სოფელში ისედაც არ აქვს. ახლა იქ მის გარდა 7 ოჯახი ცხოვრობს, მათთან ერთად ამერიკიდან ჩამოსული მოხალისეც, რომელმაც ნოდარს სოციალურ ქსელში მიაკვლია და რამდენიმე თვეა მას მეურნეობის საქმეებში ეხმარება.

 

„ეს ბიჭი, მოხალისე, ინტერნეტის საშუალებით გავიცანი, ისიც დაინტერესებულია ორგანული მეურნეობით. ასე მოხდა, რომ ახლა აქ არის და კიდევ ერთი თვე მომეხმარება.“

 

ბოლოს ნოდარს ვთხოვეთ, გაეზიარებინა ჩვენთვის რამე თუ ქონდა სათქმელი, რჩევა, მოსაზრება, სურვილი.

 

„მთავარია, მიზანს არ უღალატო. როდესაც დაეცემი, ხელი მოგეცარება, მოგინდება თავი დაანებო ყველაფერს, ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ წამოდგე და თავიდან დაიწყო იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდი.“

 

 

სიახლეები
სოციალური ქსელი