ისტორია

სათავეებთან

საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს. ამ დროისათვის მოქმედი დისიდენტური ჯგუფებისგან განსხვავებით, რომელთა ყურადღება ძირითადად ეთმობოდა საბჭოთა კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის უფლებების რეალურ დაცვას, რესპუბლიკური პარტიის საპროგრამო მიზანი იმთავითვე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრება, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და საბაზრო ეკონომიკის ფორმირება.

რესპუბლიკელებმა თბილისში, ბათუმში, სოხუმში, ზუგდიდში, ტყიბულსა და ჭიათურაში შექმნეს არალეგალური ჯგუფები. ამ პერიოდში დაიბეჭდა და გავრცელდა თვითგამოცემითი ჟურნალ „სამრეკლოს“ ორი ნომერი.

1983-84 წლებში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა პარტიის ოთხი დამფუძნებელი და ლიდერი – ვახტანგ ძაბირაძე (პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე 1979-95 წ.წ.), ლევან და დავით ბერძენიშვილები და ვახტანგ შონია. პარტიის კიდევ ერთი აქტიური წევრი ფრიდონ ჯაჯანიძე მოგვიანებით დააპატიმრეს.

1984 წლის 20 აპრილის განაჩენით საქართველოს სსრ უმაღლესმა სასამართლომ ფაქტობრივად ცნო რესპუბლიკური პარტიის არსებობა. „ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდის“ ბრალდებით პარტიის დამაარსებლები „ანტისაბჭოთა ორგანიზაციის, ე.წ. რესპუბლიკური პარტიის“ შექმნისათვის გაასამართლეს. მათ სრულად მოიხადეს სასჯელი პერმისა და მორდოვეთის საბჭოთა ბანაკებში პოლიტპატიმრებისათვის. დაპატიმრებულთა სიმტკიცისა და მაღალი ზნეობრივი თვისებების გამო პარტიის წევრთა დიდი უმრავლესობა სუკ-ის თვალთახედვის მიღმა დარჩა. 

პოლიტიკური პროცესების დასაწყისი

80-იანი წლების ბოლოდან რესპუბლიკური პარტია ღიად მონაწილეობს საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებში. 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში რესპუბლიკელებმა 3 ადგილი მოიპოვეს უზენაეს საბჭოში, სადაც ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ცენტრის“ თანადამფუძნებლებად მოგვევლინნენ. 1991 წლის ივნისში რესპუბლიკურმა პარტიამ ხმების 20% მიიღო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნებში, სადაც ჩამოაყალიბა ოპოზიციური ფრაქცია „აჭარა“. 1991-92 წ.წ. ზამთრის გადატრიალების შემდეგ რესპუბლიკელები წარმოდგენილნი იყვნენ ხელისუფლების დროებით ორგანოებში – საკონსულტაციო და სახელმწიფო საბჭოებში (1992 წ.). 

ფრაქცია "რესპუბლიკელები"

თავისუფალ დემოკრატთა კავშირთან (1991 წ.) და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან „დემოკრატიული არჩევნები საქართველოში (დას-ი)“ გაერთიანების დროიდან (1992 წ.) რესპუბლიკელები სტაბილური გუნდით საქმიანობენ. 1992 წლის 11 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში ჩამოყალიბდა 10-კაციანი ოპოზიციური ფრაქცია „რესპუბლიკელები“, რომელმაც საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანა კანონპროექტები და კონცეფციები საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, აფხაზეთისა და აჭარის სტატუსების, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების რეფორმირების შესახებ. ფრაქცია აქტიური და პრინციპული იყო პოლიტიკურ დებატებში, გაილაშქრა დსთ-ში საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგ.

რესპუბლიკურმა პარტიამ შეიმუშავა და წარადგინა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საქართველოს კონსტიტუციის საკუთარი პროექტი, რომელიც საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკის და დეცენტრალიზებული მმართველობის მოდელს ემყარებოდა. რესპუბლიკელებმა პოზიტიური გავლენა მოახდინეს 1995 წლის კონსტიტუციის შექმნა-მიღების პროცესზეც – პარტიის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო. 

1994 წელს რესპუბლიკური პარტიის, სახალხო ფრონტისა და „ქარტია-91“-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია“, რომელმაც, თუმცაღა, დიდხანს ვერ იარსება. 1995 წლის 5 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ რესპუბლიკური პარტია აღდგა როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ორგანიზაცია. 1996 წლის თებერვალში გამართულ ყრილობაზე ეროვნულმა კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ ივლიანე ხაინდრავა აირჩია. 

„მესამე გზა“

პარლამენტს მიღმა დარჩენილი რესპუბლიკელები აგრძელებდნენ მუშაობას სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე, ხშირად და აქტიურად მონაწილეობდნენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში. 1997 წლის აგვისტოში რესპუბლიკურმა პარტიამ გამოაქვეყნა კონცეფცია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზის შესახებ. მომდევნო წლებში შემუშავდა ახალი წინადადებები ამ მიმართულებით. 

1999 წლის მაისში რესპუბლიკურმა პარტიამ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასთან და მრეწველთა პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა პოლიტიკური ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი – მესამე გზა“, რომლის ლოზუნგიც იყო „არც შევარდნაძე, არც აბაშიძე“. 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 4,46% მიიღო (ოფიციალური მონაცემებით) და ვერ გადალახა იმ დროისათვის უკვე 7%-მდე გაზრდილი საარჩევნო ბარიერი. რესპუბლიკურმა პარტიამ არჩევნებში დამარცხების შემდეგაც გააგრძელა უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძისა და აბაშიძის სახელისუფლებო ცენტრებთან, თუმცა, ვერ ჰპოვა ამაში სათანადო მხარდაჭერა პარტნიორების მხრიდან, რასაც 2001 წლის ივლისში ალიანსის დაშლა მოჰყვა. 

საქართველო შევარდნაძის გარეშე 

2000 წლის მარტში გამართულ პარტიის ყრილობაზე მიღებულ იქნა წესდების ახალი რედაქცია; პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით ბერძენიშვილი. 2001 წლის ოქტომბრის მიწურულს პარლამენტის წინ გამართულ მრავალათასიან მიტინგზე რესპუბლიკურმა პარტიამ წამოაყენა ლოზუნგი „საქართველო შევარდნაძის გარეშე“, რომელიც გაიზიარა 2002 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბებულმა სამსუბიექტიანმა საარჩევნო ბლოკმა „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი“ (სააკაშვილი-დავითაშვილის ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, ზვიად ძიძიგურის „ეროვნულ ძალთა გაერთიანება – კონსერვატორები“).  

2002 წლის 2 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიულმა ფრონტმა“ მიიღო ხმების 24% თბილისში. მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ხოლო დავით ბერძენიშვილი – ერთიანი ფრაქციის („ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატიული ფრონტი“) თავმჯდომარე. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ეს ბლოკი პირველ ადგილზე გავიდა (ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის მიხედვით – ხმების 27%-ით). რესპუბლიკელები ხელმძღვანელობდნენ საარჩევნო კამპანიას ბათუმში (ლოზუნგით „ბათუმი – აბაშიძის გარეშე“) და მონაწილეობდნენ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლების მიერ გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტო ეროვნული კამპანიის ორგანიზებაში, რაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომით დაგვირგვინდა. 

რესპუბლიკურმა პარტიამ განმსაზღვრელი როლი ითამაშა 2004 წლის 28 მარტის განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების დროს აჭარაში აბაშიძის „აღორძინების“ დამარცხებაში, რასაც შედეგად მოჰყვა სახალხო გამოსვლები და აბაშიძის გაქცევა მოსკოვში 6 მაისს. საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკური პარტია 5 წარმომადგენლით შევიდა. 

რესპუბლიკური არჩევანი 

რესპუბლიკელებს 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ სულ მალე მოუწიათ მთელ რიგ პრინციპულ საკითხებზე სააკაშვილის გუნდთან მწვავე დებატებში შესვლა. რესპუბლიკელებმა მკაცრად და არგუმენტირებულად გააკრიტიკეს 2004 წლის თებერვალში სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც ახალმა ხელისუფლებამ მკვეთრად შეზღუდა პარლამენტის ფუნქციები და გზა გაუხსნა ავტორიტარიზმს, აღმასრულებელი ხელისუფლების დანამატად გადააქცია სასამართლო სისტემა. 

ანტიდემოკრატიულად და ქვეყნის სახელმწიფოებრივი მოწყობის სტრატეგიულ მიზნებთან შეუსაბამოდ შეფასდა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის ივნისში მიიღო. თვითმმართველობის ნაცვლად აჭარაში ფაქტობრივად დემოკრატიული ფასადის მქონე პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა დამყარდა. 

ასევე მიუღებლად ჩაითვალა ადამიანის უფლებების შელახვისა და კანონის უზენაესობის უგულებელყოფის გზით რევოლუციური მიზნების მიღწევის მცდელობა, რაც 2004 წლის გაზაფხულზევე გახდა აშკარა. 

რესპუბლიკელებმა ჩათვალეს, რომ შევარდნაძისა და აბაშიძის ხელისუფლებათა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის წარმატებით დამთავრების შემდეგ ამოიწურა ნაციონალურ მოძრაობასთან პოლიტიკურ ბლოკში ყოფნის საჭიროება და შესაძლებლობა. 2004 წლის ივნისში რესპუბლიკელები გაემიჯნენ სახელისუფლებო პარტიასა და მის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციაში გადავიდნენ. 

2004 წლის 20 ივნისს აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში მთავარი კონკურენტები ყოფილი პარტნიორები – ნაციონალური მოძრაობა და რესპუბლიკური პარტია აღმოჩნდნენ. ბათუმში ხელისუფლებამ არჩევნები შევარდნაძის მეთოდოლოგიით ჩაატარა, რაიონებში კი – აბაშიძისეული მაჩვენებლები (თითქმის ყველგან – 90%-ზე მეტი) გაიფორმა. ოფიციალური მონაცემებით რესპუბლიკურ პარტიას აჭარის ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 13,5% მიაკუთვნეს. აჭარის 30-კაციან უზენაეს საბჭოში პარტია სამი დეპუტატით იქნა წარმოდგენილი. ამ პერიოდისათვის ამდენივე წევრით იყო წარმოდგენილი პარტია ქალაქ თბილისის საკრებულოშიც. 2006 წლის მდგომარეობით რესპუბლიკური პარტია იყო ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელსაც ჰყავდა დეპუტატები ქვეყნის სამივე ძირითად წარმომადგენლობით ორგანოში. 

2005 წლის 27 ივნისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი ყრილობა, რომელიც ახალ რეალიებში პარტიის მშენებლობა-გაძლიერების გამოწვევას გამოეხმაურა. პარტიის თავმჯდომარედ აირჩა დავით უსუფაშვილი; გადახალისდა და რიცხობრივად გაიზარდა პარტიის ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაც. 

საპარლამენტო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, ასევე ოპოზიციაში გადასულ კონსერვატორებთან და პარლამენტის უპარტიო წევრებთან ერთად, რესპუბლიკელებმა 2005 წლის შემოდგომაზე ოპოზიციური ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტი“ ჩამოაყალიბეს. ამრიგად, ფრაქციაში თავი მოიყარეს 2002-2004 წლების განმავლობაში სააკაშვილის ლიდერობით მოქმედი პოლიტიკური ალიანსის ყველაზე თვალსაჩინო ფიგურებმა (კობა დავითაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, დავით ზურაბიშვილი და სხვები). 

2006 წლის თებერვალში პარტიამ გამოაქვეყნა საპროგრამო ხასიათის დოკუმენტი „რესპუბლიკური არჩევანი“, რომელშიც მოცემულია სააკაშვილის ხელისუფლების ორწლიანი საქმიანობის დეტალური შეფასება დემოკრატულობის, ინსტიტუციური განვითარებისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, აგრეთვე პრობლემების გადაჭრის რესპუბლიკური (ლიბერალური) ხედვა. დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად რესპუბლიკელებმა შეიმუშავეს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ახალი ვრცელი კონცეფცია, ქვეყანაში თვითმმართველობის მოწყობის მოდელი, საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის რეფორმის მოდელი და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. 

2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის რესპუბლიკურმა და კონსერვატიულმა პარტიებმა ჩამოაყალიბეს საარჩევნო ბლოკი, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით ხმების 8,6% მოიპოვა და მეორე ადგილზე გავიდა (მმართველი პარტიის შემდეგ). სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ერთპარტიული კონტროლის დამყარების, პოლიტიკური პაექრობის აშკარად უთანასწორო პირობების მიუხედავად, რესპუბლიკელებისა და კონსერვატორების ბლოკმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა ამ არჩევნებში (თბილისში – 12%, ბათუმში – 26%,  გურჯაანში – 24%, ამბროლაურში – 22% , ოზურგეთში – 21% , ბორჯომსა და ხელვაჩაურში – 17-17% , ფოთში – 16%  და ა.შ.).

საერთაშორისო აღიარება 

2006 წლის 10 ნოემბერს, მაროკოში გამართულ 54-ე კონგრესზე, საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიღეს ლიბერალური ინტერნაციონალის (LI) წევრ-დამკვირვებლად; 2013 წლის 3 აპრილიდან კი სრულუფლებიანი წევრი გახდა. 2007 წლის 18-19 ოქტომბრის ბერლინის კონგრესზე კი საქართველოს რესპუბლიკური პარტია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის (ALDE Party) სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამდენად რესპუბლიკური პარტია პირველია ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის, ვინც მონათესავე ევროპული და მსოფლიო პარტიების ოჯახის აღიარება და წევრობა მოიპოვა.

ბრძოლა აკრძალული მეთოდებით 

რესპუბლიკური პარტიის, როგორც ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ სააკაშვილის ხელისუფლება გააფთრებით იბრძვის, მათ შორის აკრძალული მეთოდებითაც. 2005 წლის ივლისში რესპუბლიკელი დეპუტატი ვალერი გელაშვილი შეიარაღებულმა ნიღბოსნებმა თბილისის ცენტრში სიკვდილის პირას მიიყვანეს; 2006 წლის აპრილში კი საპრეზიდენტო უმრავლესობამ შეთითხნილი ბრალდებით გააძევა იგი პარლამენტიდან.

7 ნოემბერი და გაყალბებული არჩევნები 

სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობის მმართველობის წლებში დაგროვილმა უკმაყოფილებამ, უსამართლობის მწვავე განცდამ 2007 წლის შემოდგომაზე მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციებში იჩინა თავი. მასობრივ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა გაერთიანებული ოპოზიციის საბჭო, რომელშიც თვალსაჩინო ადგილი რესპუბლიკურმა პარტიამ დაიკავა. 7 ნოემბერს ხელისუფლებამ არაპროვოცირებული ძალადობა გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაპირისპირებამ სახიფათო ზღვარს მიაღწია.

მიხეილ სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელთა თარიღადაც 2008 წლის 5 იანვარი განისაზღვრა. ამ არჩევნებში რესპუბლიკურმა პარტიამ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – ლევან გაჩეჩილაძეს – დაუჭირა მხარი, რომელიც სააკაშვილის მთავარ კონკურენტად მოგვევლინა. საარჩევნო პროცესის ყველა ეტაპზე ხელისუფლებამ კვლავ ძალმომრეობას მიმართა და სააკაშვილს პირველივე ტურში გამარჯვება გაუფორმა, რამაც პოლიტიკური კრიზისი ახალ ფაზაში გადაიყვანა. არა მხოლოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ, არამედ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებმაც და მათ მხარდამჭერმა პარტიებმა არ სცნეს არჩევნების შედეგები და არ აღიარეს სააკაშვილის ლეგიტიმურობა.

საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებულმა პლებისციტმა დაადასტურა ხალხის ნება, რათა საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე (კონსტიტუციურ ვადაში) გამართულიყო (21 მაისს). პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე, წარადგინა 150-კაციანი საარჩევნო სია და წამოაყენა კანდიდატები 67 საარჩევნო ოლქში. 12 მაისს გაიმართა პარტიის რიგგარეშე ყრილობა, რომელიც მიეძღვნა პარტიის დაარსებიდან 30-ე წლისთავს.

არჩევნები ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველთა დაშინება-მოსყიდვის რეჟიმში ჩატარდა; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულმა შედეგმა მიახლოებითაც კი ვერ ასახა პოლიტიკურ ძალთა რეალური თანაფარდობა და მმართველ პარტიას მიანიჭა კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში. რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური მაჩვენებელი ამ არჩევნებში 3,84% აღმოჩნდა, რაც არ იყო საკმარისი 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადასალახად (რესპუბლიკური პარტიის მიერ წარდგენილმა ორმა უპარტიო კანდიდატმა მოიგო მაჟორიტარული ოლქები). პარლამენტში გასული ოპოზიციონერების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად უარი თქვა დეპუტატების მანდატებზე და პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში გაღრმავდა. 

„მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო...“ 

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა კიდევ უფრო დაამძიმა ქვეყნის შიდა და საგარეოპოლიტიკური მდგომარეობა. იმ ვითარებაში, როცა პარტიების უმრავლესობამ დროებით უარი განაცხადა საკუთარი პოზიციების გამოკვეთაზე და შეფასებებზე, 8 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში რესპუბლიკურმა პარტიამ აღნიშნა: „მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, რისი თავიდან აცილება აუცილებელიც იყო და შესაძლებელიც“.  

„ალიანსი საქართველოსთვის“ 

2008 წლის შემოდგომიდან ქვეყანაში აღინიშნა პოლიტიკური პროცესის გააქტიურება. 8 დეკემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ და პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ახალი მემარჯვენეები“ („ახლები“) გააფორმეს შეთანხმება პოლიტიკური ალიანსის შექმნის თაობაზე. 2009 წლის 23 თებერვალს კი, რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ ჩამოყალიბდა „ალიანსი საქართველოსთვის“ რესპუბლიკური პარტიის, ახლებისა და ირაკლი ალასანიას პოლიტიკური გუნდის შემადგენლობით და უკანასკნელის თავმჯდომარეობით. 

„ალიანსმა მონაწილეობა მიიღო 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. 17 მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილია რესპუბლიკური პარტიის 17 წევრი.

2009 წლის 8 ივლისს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის მორიგი – მე-13 ყრილობა. ყრილობამ მიიღო პარტიის წესდების ახალი რედაქცია, კონკურენტულ საფუძველზე აირჩია ეროვნული კომიტეტი 35 წევრის და სარევიზიო კომისია 5 წევრის შემადგენლობით. ეროვნულმა კომიტეტმა პირველ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარედ კვლავ დავით უსუფაშვილი აირჩია.

2011 წელს რესპუბლიკური პარტია ოპოზიციური "რვიანის" შემადგენლობაშია სხვა პარტიებთან ერთად - ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, საქართველოს გზა, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია - შეეცადა მიეღწია სამართლიანი საარჩევნო გარემოსათვის. თუმცა ახლებმა და ქრისტიან დემოკრატებმა დატოვეს "რვიანი", რასაც ამ ბლოკის დაშლა მოჰყვა.

2011 წლის ნოემბერში გაიმართა პარტიის მე-14 ყრილობა, სადაც არჩეულ იქნა ახალი ეროვნული კომიტეტი. კომიტეტმა პარტიის თავმჯდომარედ მეორე და უკანასკნელი ვადით დავით უსუფაშვილი აირჩია.

ხელისუფლებაში

2012 წლის 21 თებერვალს პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" შეიქმნა, რომელშიც გაერთიანდნენ: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", რესპუბლიკური პარტია, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები", ეროვნული ფორუმი, კონსერვატიული პარტია, მრეწველები.

2012 წლის1 ოქტომბერს კოალიციამ საპარლამენტო არჩევნები მოიგო. პარლამენტში ცხრა რესპუბლიკელმა შექმნა ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელები", რომელიც პარტნიორებთან ერთად უმრავლესობაში გაერთიანდა. ფრაქციის წევრები არიან: გიგლა აგულაშვილი, დავით ბერძენიშვილი (ფრაქციის თავმჯდომარე), ლევან ბერძენიშვილი, ნოდარ ებანოიძე (საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ფრიდონ საყვარელიძე (საყვარელიძეს - საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), დავით უსუფაშვილი, თინათინ ხიდაშელი (ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე), მალხაზ წერეთელი (ფრაქციის მდივანი), ვახტანგ ხმალაძე. 

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს, გიგლა აგულაშვილი - აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო ვახტანგ ხმალაძე - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ.

ასევე რესპუბლიკელები დაინიშნენ საქართველოს მთავრობაში: პაატა ზაქარეიშვილი - სახელმწიფო მინისტრად რეინტეგრაციის საკითხებში, თენგიზ შერგელაშვილი - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილედ.

2013 წელს გაიმართა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი ეროვნული კომიტეტი. პარტიის ახალ თავმჯდომარედ ხათუნა სამნიძე აირჩიეს.

2015 წ. მაისში თინათინ ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი, ხოლო გიგლა აგულაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გახდა. საქართველოს კოალიციურ მთავრობაში ისინი პაატა ზაქარეიშვილთან ერთად წარმოადგენენ რესპუბლიკურ პარტიას. ამჟამად, ლევან ბერძენიშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, თამარ კორძაია კი - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო გიგლა აგულაშვილის ადგილმონაცვლე ფრაქციაში თემურ ნერგაძეა.

 

2015 წლის ივნისის მდგომარეობით

ჩვენ შესახებ