დოკუმენტები
თბილისის საქალაქო ორგანიზაციის დებულება

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის მიერ
2014 წლის 9 თებერვლის
#15/06 გადაწყვეტილებით



  
 

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის

თბილისის საქალაქო ორგანიზაციის

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი


1.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაცია (შემდგომში "თბილისის ორგანიზაცია") არის საქართველოს რესპუბლიკური პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, აერთიანებს დედაქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ საოლქო ორგანიზაციებს და სარგებლობს რეგიონალური ორგანიზაციის სტატუსით.
2.
თბილისის ორგანიზაცია უზრუნველყოფს პარტიის პოლიტიკური კურსის გატარებას დედაქალაქის ტერიტორიაზე და მოქმედებს პარტიის წესდების, თავმჯდომარის, ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად.
3.
თბილისის ორგანიზაცია მონაწილეობს დედაქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მართვასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკის შემუშავებაში და ახორციელებს მას. 
4.
თბილისის ორგანიზაციის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე, თბილისის ორგანიზაციის დებულების დამტკიცებისა და მასში ცვლილებების შეტანის  შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი.

მუხლი 2. თბილისის ორგანიზაციის საქალაქო კომიტეტი


1.
თბილისის ორგანიზაციის მართვის უმაღლესი ორგანოა საქალაქო კომიტეტი (შემდგომში "თბილისის კომიტეტი").
2.
თბილისის კომიტეტის შემადგენლობაში შედიან თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პარტიის ეროვნული კომიტეტის მიერ საკუთარი შემადგენლობიდან დანიშნული წევრი. თბილისის კომიტეტი უფლებამოსილია, თუ გამოვლენილია კომიტეტის წევრთა საერთო რაოდენობის 3/4 მაინც.
3.
თბილისის კომიტეტი:

. საკუთარი შემადგენლობიდან პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარეს;
. შეიმუშავებს და თბილისის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს 6 თვიანი სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს;
. დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებებიდან გამომდინარე შეიმუშავებს და ამტკიცებს თბილისის ორგანიზაციის ტერიტორიული და დარგობრივი ქვედანაყოფების სამუშაო გეგმებს;
. ქმნის და აუქმებს დარგობრივ კომისიებს და სამუშაო ჯგუფებს;
. შეიმუშავებს და პარტიის ეროვნულ კომიტეტს წარუდგენს წინადადებებს დედაქალაქის საკითხებზე პარტიის პოლიტიკის თაობაზე; 
. ამოღებულია;
. ამოღებულია;
. ამოღებულია;
. ზედამხედველობს თბილისის საოლქო ორგანიზაციების მიერ პარტიის ყრილობის, ეროვნული კომიტეტის, აღმასრულებელი სამდივნოს, პარტიის თავმჯდომარის და საქალაქო ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესრულებას;
. კოორდინაციას უწევს თბილისის საოლქო ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთთანამშრომლობას;
. აუქმებს საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილებას თუ იგი არ შეესაბამება პარტიის პოლიტიკურ კურსს ან ეწინააღმდეგება პარტიის წესდებას და მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს;
.  თბილისის კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქალაქო ორგანიზაციის აპარატის სტრუქტურას.

4. თბილისის კომიტეტის მორიგი სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც, რომელსაც იწვევს და უძღვება თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.
5.
თბილისის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე ან თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის წერილობითი მოთხოვნით რიგგარეშე სხდომას იწვევს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე და სხდომა ტარდება მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კონკრეტული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
6.
თბილისის კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
7.
თბილისის კომიტეტის გადაწყვეტილება, მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8.
თბილისის კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულოა თბილისის საოლქო ორგანიზაციებისათვის.
9.
თბილისის ორგანიზაციის უმაღლესი თანამდებობის პირია თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც:

. იწვევს და უძღვება თბილისის კომიტეტის სხდომებს;
. წარმოადგენს თბილისის ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
. აკეთებს განცხადებებს თბილისის ორგანიზაციის სახელით;
. ხელს აწერს თბილისის კომიტეტის გადაწყვეტილებებს და უზრუნველყოფს მათ შესრულებას;
. ხელმძღვანელობს თბილისის ორგანიზაციის აპარატს;
. ასრულებს პარტიის წესდებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

10. თბილისის კომიტეტის თავმჯდომარეს შეუძლია თავისი უფლებამოსილების შესრულება განსაზღვრული ვადით დაავალოს თბილისის კომიტეტის რომელიმე წევრს.
11.
თბილისის კომიტეტის თითოეულ წევრს კომიტეტის გადაწყვეტილებით განესაზღვრება კონკრეტული ფუნქციები პარტიული საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა შესაბამისად და ისინი ინდივიდუალურად არიან ანგარიშვალდებულნი საქალაქო კომიტეტის წინაშე.
12.
თბილისის კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება იმ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც ფლობდა საქალაქო კომიტეტის წევრის სტატუსს და მის ადგილს იკავებს შესაბამისი სტატუსის მქონე სხვა პირი.

მუხლი 3. თბილისის ორგანიზაციის  საბჭო 


1.
თბილისის ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ორგანოა საბჭო (შემდგომში "თბილისის საბჭო"), რომელშიც თანამდებობის მიხედვით შედიან:

. თბილისის საოლქო ორგანიზაციების კომიტეტების წევრები;
. თბილისის კომიტეტის და თბილისის საკრებულოს ის წევრები და საოლქო ახალგაზრდული ორგანიზაციების ის ხელმძღვანელები, რომლებიც არ შედიან თბილისის საოლქო ორგანიზაციების კომიტეტების შემადგენლობაში.

2. თბილისის საბჭოს 3 თვეში ერთხელ მაინც იწვევს თბილისის კომიტეტი და მას უძღვება თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.
3.
თბილისის საბჭო:

. ისმენს თბილისის კომიტეტის და საკრებულოს წევრების ანგარიშებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
. განიხილავს საქალაქო ორგანიზაციის ექვსი თვის სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს და ამტკიცებს მას;
. ექვს თვეში ერთხელ ისმენს თბილისის სარევიზიო კომისიის ანგარიშს და, საჭიროების შემთხვევაში, სარევიზიო კომისიის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართვას პარტიის ეროვნულ კომიტეტს;
. შეიმუშავებს წინადადებებს საქალაქო ორგანიზაციის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე და განსახილველად წარუდგენს პარტიის ეროვნულ კომიტეტს.

4. თბილისის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით და მას ხელს აწერს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.

მუხლი 4. თბილისის საოლქო ორგანიზაციები


1.
თბილისის საოლქო ორგანიზაციებს ქმნის და აუქმებს რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტი.
2.
საოლქო ორგანიზაცია შედგება შესაბამის საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მაცხოვრებლად რეგისტრირებული პარტიის წევრებისაგან. საოლქო ორგანიზაციაში აგრეთვე ირიცხებიან კონფლიქტის ზონებიდან იძულებით გადადგილებული პარტიის წევრები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე.
3.
საოლქო ორგანიზაციის წევრთა მორიგი საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ და მას იწვევს საოლქო ორგანიზაციის კომიტეტი. თუ საოლქო ორგანიზაციის კომიტეტმა საერთო კრება არ მოიწვია უკანასკნელი მორიგი კრებიდან ერთი წლის ამოწურვამდე, კრებას იწვევს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.
4.
საოლქო ორგანიზაციის რიგგარეშე კრება მოიწვევა საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის მიერ:

. საკუთარი ინიციატივით;
. პარტიის ეროვნული კომიტეტის მოთხოვნით;
. თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კომიტეტის მოთხოვნით;
. თბილისის კომიტეტის თავმჯდომარის მოთხოვნით;
. საოლქო ორგანიზაციის წევრთა არანაკლებ 1/4-ის მოთხოვნით.

5. საოლქო ორგანიზაციის რიგგარეშე საერთო კრება ტარდება მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე. თუ საოლქო ორგანიზაციის კომიტეტმა რიგგარეშე საერთო კრება არ მოიწვია დადგენილ ვადაში, მაშინ კრებას იწვევს თბილისის კომიტეტის თავმჯდომარე.
6.
საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის 1/4 მაინც და თუ ინფორმაცია კრების დღის წესრიგის, ადგილისა და თარიღის შესახებ გამოქვეყნებული იყო კრებამდე 10 დღით ადრე მაინც პარტიის შესაბამის წევრთათვის ხელმისაწვდომი ფორმით.
7.
გარდა ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ ორგანიზაციის წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ისა.
8.
საერთო კრება ირჩევს საოლქო ორგანიზაციის კომიტეტსა და თბილისის სარევიზიო კომისის წევრს, ისმენს და აფასებს მათ ანგარიშებს.
9.
საერთო კრება უფლებამოსილია გააუქმოს საოლქო კომიტეტის გადაწყვეტილება.

მუხლი 5. თბილისის საოლქო ორგანიზაციის კომიტეტი


1.
საერთო კრებებს შორის პერიოდში საოლქო ორგანიზაციის საქმიანობას წარმართავს საოლქო ორგანიზაციის კომიტეტი.
2.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტს ხელმძღვანელობს და ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც მოქმედებს საოლქო ორგანიზაციის საერთო კრების, კომიტეტის, თბილისის კომიტეტის თავმჯდომარის, თბილისის კომიტეტის, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, აღმასრულებელი სამდივნოსა და პარტიის ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად. საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის არ ყოფნის შემთხვევაში ან მისი დავალებით თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტი შედგება საერთო კრების მიერ ფარული კენჭისყრით ერთი წლის ვადით არჩეული 7 პარტიის წევრისაგან. საოლქო კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს შესაბამისი საოლქო ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს. არჩეულად ითვლება 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
4.
საოლქო კომიტეტის უფლებამოსილება წყდება ახალი კომიტეტის არჩევის მომენტიდან.
5.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტი:

. პირველსავე სხდომაზე თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 1 წლის ვადით ირჩევს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს; ორგანიზაციის თავმჯდომარის წარდგინებით თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 1 წლის ვადით, ირჩევს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეს;
. უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენოს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე;
. შეიმუშავებს წინადადებებს საოლქო ორგანიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით და წარუდგენს თბილისის საქალაქო კომიტეტს;
. ქმნის და აუქმებს საოლქო ორგანიზაციის ტერიტორიული ქვედანაყოფებს (საარჩევნო ზონებს) და ნიშნავს და ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებს;
. პარტიაში იღებს მოქალაქეებს და დასამტკიცებლად წარუდგენს აღმასრულებელ სამდივნოს;
. ცნობად იღებს პარტიის წევრის პარტიიდან გასვლის ან პარტიის წევრობის განსაზღვრული ვადით შეჩერების განცხადებებს და წარუდგენს აღმასრულებელ სამდივნოს.

6. საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა ტარდება თვეში ერთხელ მაინც.
7.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომიტეტის გადაწყვეტილებები მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
8.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის გადაწყვეტილება სავალდებულოა საოლქო ორგანიზაციის წევრებისა და ტერიტორიული ქვედანაყოფისათვის.
9.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის არანაკლებ 2 წევრის მოთხოვნით. სხდომა ტარდება მოთხოვნიდან 48 საათის განმავლობაში.
10.
საოლქო კომიტეტის თითოულ წევრს კომიტეტის მიერ განესაზღვრება კონკრეტული ფუნქციები ორგანიზაციის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებათა შესაბამისად და ისინი ინდივიდუალურად არიან ანგარიშვალდებულნი საოლქო კომიტეტის წინაშე.
11.
საოლქო ორგანიზაციის კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის და შესაბამისი საოლქო ორგანიზაციის წევრის ან პარტიის წევრის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში. თუ საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში საერთო კრების მიერ არჩეულ წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი აღარ დარჩა, ორი კვირის ვადაში ტარდება რიგგარეშე საერთო კრება საოლქო კომიტეტის შემადგენლობის შესავსებად.

მუხლი 6. თბილისის ორგანიზაციის სარევიზიო კომისია


1.
თბილისის სარევიზიო კომისია აკონტროლებს თბილისის საოლქო ორგანიზაციის წევრების, საოლქო და საქალაქო ორგანოების მიერ რესპუბლიკური პარტიის წესდების, ამ დებულების და მათ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და მატერიალურ ფასეულობათა მართვას და თავის დასკვნებს წარუდგენს შესაბამის საოლქო კომიტეტს, თბილისის კომიტეტს, თბილისის საბჭოს და პარტიის სარევიზიო კომისიას.
2.
თბილისის ორგანიზაციის სარევიზიო კომისია შედგება საოლქო ორგანიზაციების მიერ საერთო კრებებზე ფარული კენჭისყრით არჩეული თითო წევრისაგან. სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საოლქო ორგანიზაციის ნებისმიერ წევრს და არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
3.
თბილისის სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ერთი წლის ვადით ირჩევს კომისია. თბილისის სარევიზიო კომისიის წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ საქალაქო კომიტეტის სხდომებს.
4.
თბილისის სარევიზიო კომისია უფლებამოსილია თუ გამოვლენილია წევრთა საერთო რაოდენობის 2/3 მაინც. კომისიის სხდომა უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარი მაინც. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

 

ჩვენ შესახებ