დოკუმენტები
საწევრო

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის
2010 წლის 17 იანვრის
№13/24 გადაწყვეტილებით

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში

საწევრო შესატანის

გადახდის, აღრიცხვისა და ანგარიშგების წესი

  1. პარტიის წევრის საწევრო შესატანის ოდენობა განისაზღვრება თვეში ერთიდან ათ ლარამდე.  პარტიის წევრი ყოველ კონკრეტულ თვეში გადასახდელი საწევრო შესატანის ოდენობას განსაზღვრავს საკუთარი შეხედულებისამებრ. საწევრო შესატანს პარტიის წევრი  იხდის პირადად, ყოველთვიურად ან  წინმსწრებად   არა უმეტეს სამი თვისა.
  2. პარტიის წევრი საწევრო  შესატანს იხდის იმ რაიონულ, საქალაქო, საოლქო ორგანიზაციაში ან საინიციატივო ჯგუფში, რომლის წევრიცაა.
  3. პარტიის წევრს წერილობითი განცხადებით შეუძლია,  გათავისუფლდეს საწევრო შესატანის გადახდის ვალდებულებისაგან, მაგრამ არა უმეტეს ზედიზედ  12 თვისა.
  4. საწევრო შესატანის აკრეფასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირია შესაბამისი რაიონული, საქალაქო, საოლქო ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი.
  5. პასუხისმგებელი პირი  პარტიის აღმასრულებელი სამდივნოს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით აწარმოებს საწევრო შესატანების უწყისსა და სააღრიცხვო ბარათს.
  6. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ყოველი თვის 10 რიცხვამდე უზრუნველყოს წინა თვის განმავლობაში პარტიის წევრთა მიერ გადახდილი საწევრო შესატანების ჩარიცხვა პარტიის საბანკო ანგარიშზე.
  7. პასუხისმგებელი პირი ყოველი კვარტლის 10 რიცხვამდე  საწევრო შესატანის გადახდის ანგარიშს წარუდგენს რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ხოლო თუ შესაბამისი რეგიონალური ორგანიზაცია არ არის შექმნილი -  აღმასრულებელ მდივანს.
  8. რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი ყოველი კვარტლის 20 რიცხვამდე აღმასრულებელ მდივანს წარუდგენს საწევრო შესატანის გადახდის ანგარიშს.
  9. პარტიაში საწევრო შესატანის გადახდის, აღრიცხვისა და ანგარიშგების თაობაზე  აღმასრულებელი მდივანი წელიწადში ორჯერ აღმასრულებელ სამდივნოს წარუდგენს მოხსენებას.
  10. აღმასრულებელი  სამდივნო აღმასრულებელი მდივნის მოხსენების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის საწევრო შესატანის გადახდის და აღრიცხვის საწესდებო ვალდებულების დამრღვევი პარტიის წევრისათვის პარტიული სასჯელის დაკისრების თაობაზე.
  11. პარტიის წევრების მიერ 2010 წლის 1 იანვრამდე გადაუხდელი საწევრო შესატანების დავალიანებები ჩაითვალოს გაუქმებულად. სურვილის შემთხვევაში, პარტიის წევრს შეუძლია დაფაროს აღნიშნული დავალიანება ან მისი ნაწილი ერთჯერადი გადახდით 2010 წლის 31 მარტამდე.
ჩვენ შესახებ