დოკუმენტები
წესდება

რეგისტრირებულია 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 

2015 წლის 29 დეკემბრის №060 ბრძანებით

 

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წესდება 

 

თბილის 2015 წელი

 

პრეამბულა

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია დაარსდა 1978 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში. თავის საქმიანობაში იგი აღიარებს შემდეგ ღირებულებებს, პრინციპებსა და იდეალებს:

•         კაცობრიობის უმთავრესი ღირებულება არის ადამიანი. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უზრუნველყოფა, პიროვნების თვითრეალიზებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა საკუთრივ კაცობრიობის, საზოგადოების, სახელმწიფოს უპირველეს ამოცანასა და ფუნქციას შეადგენს;

•         ადამიანის უშუალო საარსებო გარემო არის საზოგადოება. საზოგადოებრივ თანაცხოვრებაში ყალიბდება ზნეობა, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების წევრთათვის ამ ზნეობის შესაბამისი ცხოვრების წესის გარანტიებს და მოითხოვს მათგან გარკვეულ თვითშეზღუდვას სხვებისათვის შესაბამისი გარანტიების უზრუნველსაყოფად;

•         ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, პიროვნების თვითრეალიზებისათვის პირობების შექმნის, მოქალაქეთა და მათ კერძო თუ ჯგუფურ ინტერესებს შორის ურთიერთობის რეგულირება მიჩნეულია საზოგადოებრივ საქმედ - ღეს პუბლიცა. აუცილებელ ინსტიტუტს ამ საქმეთა მოსაგვარებლად წარმოადგენს სახელმწიფო;

•         სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ თავისი დანიშნულების შესრულების ინსტრუმენტი არის კანონი. კანონის საფუძველზე შექმნილი მექანიზმებითა და კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში სახელმწიფო ხელს უწყობს პიროვნების პოტენციალის გამოვლენასა და შესაბამის ქმედებებს და ზღუდავს ნეგატიური თვისებებით ან სხვა მოტივებით განპირობებულ სოციალური ჰარმონიის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს;

•         სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და სიცოცხლისუნარიანობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ერის მიერ ცხოვრების დამკვიდრებული წესისა და საცხოვრისის შენარჩუნებისაკენ სწრაფვა, სახელმწიფოებრიობის მოთხოვნილებაში რეალიზებული თვითმყოფადობის გაცნობიერება, სოლიდარული პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების ბედ-იღბალზე, შესაბამისი ნება და უნარი;

•         ინდივიდუალური და საზოგადოებრივი მოთხოვნილების გონივრული ურთიერთშეხამების საუკეთესო შესაძლებლობას სახელმწიფოში იძლევა კერძო საკუთრების არსებობა და თვითმმართველობის სისტემა, როგორც უშუალო დემოკრატიის რეალური ფორმა, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების პასუხისმგებელი წევრის - მოქალაქის ჩამოყალიბებას;

•         სახელმწიფოს მართვაში საზოგადოების მონაწილეობას წარმომადგენლობითი ინსტიტუტების გარდა უზრუნველყოფს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც საფუძვლად უდევს პლურალიზმი და არჩევანის გარანტირებული შესაძლებლობა. სამოქალაქო საზოგადოებაში განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფებს შორის პრობლემათა მოგვარების ოპტიმალური საშუალებაა მხარეთა კეთილ ნებაზე დამყარებული მუდმივი დიალოგი.

 

 

თავი პირველი

 

ზოგადი დებულებანი

 

1.1. რესპუბლიკური პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აღიარებს ლიბერალურ იდეალებს და გამოხატავს მოქალაქეთა ინტერესებს, დაფუძნებულს სახელმწიფოებრიობის, სამოქალაქო საზოგადოების, ზნეობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე.

1.2. რესპუბლიკური პარტია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.3. პარტია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე.

1.4. პარტიასთან, მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეიძლება შეიქმნას მხარდამჭერი ჯგუფები და გაერთიანებები.

1.5. პარტია არის იურიდიული პირი.

1.6. პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების ადგილსამყოფელია: თბილისი, ს. ჭიაურელის #13.

 

 

თავი მეორე

 

პარტიის მიზანი

 

2.1. პარტიის მიზანია სახელმწიფო ხელისუფლებისა და თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მონაწილეობითა და კონსტიტუციური ინსტიტუტების განმტკიცებით  პრეამბულაში გაცხადებული პრინციპების დამკვიდრება და დაცვა.

 

 

თავი მესამე

 

პარტიის წევრობა

 

3.1. პარტიის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც აღიარებს პარტიის წესდებას და საპროგრამო დოკუმენტებს. პარტიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა პარტიის წევრი.

3.2. მოქალაქეს პარტიის  წევრის წერილობითი რეკომენდაციით რეგისტრაციის ადგილის მიხედვით პარტიაში იღებს პარტიის რაიონული(საქალაქო) კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილებასაც ამტკიცებს აღმასრულებელი სამდივნო. მოქალაქის პარტიაში მიღება შეუძლია აგრეთვე აღმასრულებელ სამდივნოს. წევრად მიღების პროცედურასა და წევრთა აღრიცხვის წესს აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით ადგენს პარტიის ეროვნული კომიტეტი.

3.3. პარტიის წევრს უფლება აქვს:

ა) წესდების შესაბამისად მონაწილეობა მიიღოს პარტიის ნებისმიერი ორგანოს არჩევნებში;

ბ) მიმართოს პარტიის შესაბამის ორგანოს წინადადებით, განცხადებით, საჩივრით და გონივრულ ვადაში მიიღოს მასზე პასუხი;

გ) გაეცნოს პარტიის ხელმძღვანელი ორგანოების ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტაციას პარტიის საქმიანობის შესახებ;

დ)  შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს  მისთვის პარტიული სასჯელის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვაში, წარადგინოს თავისი მოსაზრებები;

ე) შესაბამისი კომიტეტისათვის ან აღმასრულებელი სამდივნოსათვის  შეტყობინებით შეაჩეროს თავისი წევრობა გარკვეული ვადის მითითებით ან გავიდეს პარტიიდან.

3.4. პარტიის წევრი მოვალეა:

ა) დაიცვას პარტიის წესდება;

ბ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს პარტიის საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიაში;

გ) მონაწილეობა არ მიიღოს პარტიის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო საქმიანობაში;

დ) თავისი მოქმედებით არ დაუშვას პარტიის დისკრედიტაცია;

ე) დადგენილი წესითა და ოდენობით გადაიხადოს საწევრო შესატანი.

3.5. წესდებით გათვალისწინებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის პარტიის წევრს შეიძლება დაეკისროს პარტიული სასჯელი. სასჯელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მის ზომას განსაზღვრავს აღმასრულებელი სამდივნო. პარტიაში დაწესებულია შემდეგი სახის პარტიული სასჯელები:

ა) წერილობითი გაფრთხილება;

ბ) პარტიის წევრობის შეჩერება გარკვეული ვადით;

გ) პარტიიდან გარიცხვა.

3.6. პარტიას შეიძლება ჰყავდეს მხარდამჭერები, რომელთა აღრიცხვისა და პარტიასთან ურთიერთობის წესს განსაზღვრავს ეროვნული კომიტეტი.

 

 

 

თავი მეოთხე

 

პარტიის სტრუქტურა

 

4.1. პარტიის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს მის მიერ დადგენილი წესით ქმნის და აუქმებს ეროვნული კომიტეტი.

4.2. პარტიაში შეიძლება შეიქმნას რაიონული, საქალაქო, რეგიონული, ახალგაზრდული ორგანიზაცია და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები. სტრუქტურული ქვედანაყოფის შიდა ორგანიზაციასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული კომიტეტი. თბილისის საქალაქო ორგანიზაცია სარგებლობს რეგიონული ორგანიზაციის სტატუსით.

4.3. პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს პარტიის პოლიტიკური კურსის შესაბამისად.

 

 

თავი მეხუთე

 

პარტიის ყრილობა

 

5.1. პარტიის უმაღლესი ორგანოა ყრილობა. პარტიის მორიგ ყრილობას იწვევს პარტიის ეროვნული კომიტეტი  2 წელიწადში ერთხელ. პარტიის მორიგი ყრილობა ტარდება შემოდგომაზე.

5.2. პარტიის რიგგარეშე ყრილობას იწვევს პარტიის თავმჯდომარე:

       ა) ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებით;

ბ) პარტიის წევრთა საერთო რაოდენობის სულ ცოტა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით;

გ) არანაკლებ ოთხი რეგიონული ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოების მოთხოვნით;

       დ) თავისი ინიციატივით.

5.3. რიგგარეშე ყრილობის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე იღებს ინიციატივის შემოსვლიდან ორი კვირის ვადაში. რიგგარეშე ყრილობა ტარდება მოწვევიდან ერთი თვის ვადაში ინიციატორის მიერ წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.

5.4. ყრილობაზე დელეგატების შერჩევის  წესს პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ადგენს ეროვნული კომიტეტი.

5.5. ყრილობა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი.

5.6. ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე დელეგატთა უმრავლესობით, გარდა  წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

5.7. ყრილობა:

       ა) ისმენს მის მიერ არჩეული ორგანოების ანგარიშს;

       ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების, ხელისუფლების ორგანოებში არჩეული ან დანიშნული პარტიის წევრების ანგარიშები;

       გ) დამსწრე დელეგატთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს პარტიის წესდებას ან ცვლილება შეაქვს მასში;

       დ) განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებს;

       ე) დადგენილი წესით პარტიის წევრთაგან ირჩევს ეროვნულ კომიტეტს;

       ვ) დადგენილი წესით პარტიის წევრთაგან ირჩევს სარევიზიო კომისიას;

       ზ) უფლებამოსილია გააუქმოს ეროვნული კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

5.8. ყრილობის გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის ყველა წევრის, ორგანოსა და  სტრუქტურული  ქვედანაყოფისათვის.

 

 

თავი მეექვსე

 

პარტიის ეროვნული კომიტეტი

 

6.1. ყრილობებს შორის პერიოდში პარტიის უმაღლესი ორგანოა ეროვნული კომიტეტი.

6.2. ეროვნულ კომიტეტს ფარული კენჭისყრით 2 წლის ვადით 35 წევრის შემადგენლობით ირჩევს პარტიის ყრილობა. ეროვნული კომიტეტის წევრად არჩეულად ითვლება 35 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ კანდიდატები დააგროვებენ ხმათა თანაბარ რაოდენობას, მათი რიგითობა განისაზღვრება წილისყრით. ეროვნული კომიტეტის წევრთა არჩევისას, ყრილობის დელეგატები ხმას აძლევენ არანაკლებ 25 და არაუმეტეს 35 კანდიდატს.

6.3. ეროვნული კომიტეტის პირველი სხდომის მოწვევის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტიის თავმჯდომარე კომიტეტის არჩევიდან 24 საათში და სხდომა ტარდება მოწვევიდან სამი დღის ვადაში. თუ პარტიის თავმჯდომარემ დადგენილ ვადაში არ ჩაატარა სხდომა, ეროვნული კომიტეტი 48 საათში იკრიბება თავისი უფლებით და მას უძღვება ეროვნული კომიტეტის უხუცესი წევრი.

6.4. პარტიის ეროვნული კომიტეტი უფლებამოსილია ეროვნული კომიტეტის შემადგენლობაში  რეგლამენტით დადგენილი წესით კოოპტაციით დამატებით შეიყვანოს არაუმეტეს 5 წევრისა.

      

6.5. ეროვნული კომიტეტის სხდომას ამზადებს და წარმართავს პარტიის თავმჯდომარე.

6.6. ეროვნული კომიტეტი:

      ა) პირველსავე სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით საკუთარი შემადგენლობიდან ირჩევს პარტიის თავმჯდომარეს. სრული შემადგენლობის ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით განიხილავს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. გადაწყვეტილებას კენჭი ეყრება საკითხის დასმიდან სამი დღის ვადაში და მიიღება არანაკლებ სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით.

ბ) ისმენს  პარტიის თავმჯდომარის, პარტიის მდივნების, დარგობრივი კომისიების ხელმძღვანელების, წარმომადგენლობით ორგანოებში პარტიული წარმომადგენლობების, რეგიონული, რაიონული, საქალაქო ორგანიზაციების, ახალგაზრდული ორგანიზაციის ანგარიშებს. აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით თანამდებობიდან გადააყენებს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს;

       გ) ამტკიცებს პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტებს;

დ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სახელმწიფოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებში წარსადგენ კანდიდატთა სიას;

ე) პარტიის თავმჯდომარესა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელ ორგანოს შორის კონსულტაციის საფუძველზე, პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს  რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში პარტიის მიერ წარსადგენ კანდიდატურებს;

ვ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ქმნის დარგობრივ კომისიებს და ნიშნავს მათ ხელმძღვანელებს;

       ზ) აღმასრულებელი სამდივნოს წარდგინებით ამტკიცებს საწევრო შესატანის ოდენობასა და გადახდის წესს;

       თ)უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით გააუქმოს აღმასრულებელი სამდივნოსა და პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება;

       ი) ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6.7. ეროვნული კომიტეტის სხდომები ტარდება ორ თვეში ერთხელ მაინც.

6.8. ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს პარტიის თავმჯდომარე:

       ა) ორი რეგიონული ორგანიზაციის უმაღლესი ორგანოს მოთხოვნით;

       ბ) ეროვნული კომიტეტის  წევრთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით;

       გ) თავისი ინიციატივით.

6.9. ეროვნული კომიტეტის რიგგარეშე სხდომა ტარდება მოთხოვნიდან არა უგვიანეს 7 დღისა.

6.10. ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება, გარდა წესდებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ კომიტეტის წევრთა ერთი მესამედისა.

6.11. ეროვნული კომიტეტის საქმიანობის წესს განსაზღვრავს რეგლამენტი, რომელსაც იგი იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6.12. ეროვნული კომიტეტის უფლებამოსილება წყდება ახალი ეროვნული კომიტეტის არჩევისთანავე.

6.13. ეროვნული კომიტეტის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, პარტიის წევრობის შეწყვეტის, შეჩერების ან გარდაცვალების შემთხვავაში. უფლებაშეწყვეტილი ეროვნული კომიტეტის წევრის ადგილს იკავებს არჩევნებისას მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.  

 

 

თავი მეშვიდე

 

პარტიის თავმჯდომარე

 

7.1. პარტიის თავმჯდომარე პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირია. იგი მოქმედებს პარტიის ყრილობის,  ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილებათა შესაბამისად.

7.2. პარტიის  თავმჯდომარე:

       ა) იწვევს, ამზადებს და ხელმძღვანელობს ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს სხდომებს;

       ბ) არის პარტიის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში. ცალკეულ შემთხვევაში ნიშნავს თავის წარმომადგენელს და განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების ფარგლებს;

       გ) აღმასრულებელ სამდივნოს დასამტკიცებლად წარუდგენს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურას, შესაბამისი მდივნის წარდგინებით ნიშნავს სამსახურების ხელმძღვანელებს. უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს პარტიის მდივნები და ცენტრალური ადმინისტრაციის თანამდებობის პირები;

დ) კოორდინაციას უწევს პარტიის მდივნების, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების და სხვა პარტიული თანამდებობის პირების საქმიანობას;

       ე) აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს პარტიის სახელით;

       ვ) გამოსცემს განკარგულებებს;

       ზ) ხელს აწერს  ეროვნული კომიტეტისა და აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს.

თ) ასრულებს წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7.3. პარტიის თავმჯდომარის არყოფნის ან ფუნქციათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს პარტიის პოლიტიკური მდივანი. პოლიტიკური მდივნის არყოფნის შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარის ფუნქციებს დროებით ასრულებს პარტიის თავმჯდომარის მიერ შერჩეული ერთ-ერთი ეროვნული კომიტეტის წევრი მდივანი. 

7.4. პარტიის   თავმჯდომარეს უფლებამოსილება შეუწყდება  ახლადარჩეული კომიტეტის პირველ სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის, გადადგომის, გადაყენების ან გარდაცვალებისას. პარტიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან გარდაცვალებისას ეროვნული კომიტეტი საკუთარი შემადგენლობიდან ორი კვირის ვადაში ირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს.

 

თავი მერვე

 

პარტიის აღმასრულებელი სამდივნო

 

8.1. ყრილობებსა და ეროვნული კომიტეტის სხდომებს შორის პარტიის საქმიანობის წარმმართველი ორგანოა პარტიის აღმასრულებელი სამდივნო, რომელშიც შედიან:

Pა)პარტიის თავმჯდომარე;

Pბ)ეროვნული კომიტეტის მიერ  პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით დანიშნული 6-9 წევრი, რომელთაგან ნახევარი მაინც,  მათ შორის, პოლიტიკური მდივანი, უნდა იყოს ეროვნული კომიტეტის წევრი.

 

8.2. პარტიის მდივნები უძღვებიან პარტიის აღმასრულებელი საქმიანობის კონკრეტულ მიმართულებებს და ხელმძღვანელობენ შესაბამის სამსახურებს.

8.3. აღმასრულებელი სამდივნო:

       ა) შეიმუშავებს პარტიის  სამოქმედო გეგმას, წინასაარჩევნო და სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა დოკუმენტებს;

       ბ) აკეთებს განცხადებებს პარტიის სახელით;

      

       გ) უფლებამოსილია ეროვნული კომიტეტის წინაშე დასვას პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი;

       დ) უფლებამოსილია გააუქმოს პარტიის სტრუქტურული ქვედანაყოფის გადაწყვეტილება;

       ე) კოორდინაციას უწევს დარგობრივი კომისიების საქმიანობას;

       ვ) პარტიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარტიის ცენტრალური ადმინისტრაციის სტრუქტურას.;

       ზ) იწვევს პარტიულ კონფერენციებს;

       თ) ასრულებს ამ წესდებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

8.4. აღმასრულებელი სამდივნოს სხდომები ტარდება ორ კვირაში ერთხელ მაინც. იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

8.5. აღმასრულებელი სამდივნოს გადაწყვეტილება სავალდებულოა პარტიის წევრებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის.

8.6. პარტიის მდივანს უფლებამოსილება უწყდება ახალი ეროვნული კომიტეტის არჩევის, გადადგომის, პარტიის თავმჯდომარის ან ეროვნული კომიტეტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მიერ მისი თანამდებობიდან გადაყენების, აგრეთვე პარტიის წევრობის შეწყვეტის, შეჩერების  ან გარდაცვალების შემთხვევაში.  

 

 

თავი მეცხრე

 

სარევიზიო კომისია

 

9.1. სარევიზიო კომისიას ფარული კენჭისყრით ხუთი წევრის შემადგენლობით ირჩევს ყრილობა. არჩეულად ჩაითვლება ხუთი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. თუ სარევიზიო კომისიის წევრები დააგროვებენ ხმათა თანაბარ რაოდენობას, მათი რიგითობა განისაზღვრება წილისყრით. სარევიზიო კომისიის წევრთა არჩევისას ყრილობის დელეგატები საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავენ არანაკლებ სამ და არაუმეტეს ხუთ კანდიდატს. სარევიზიო კომისიის უფლებამოსილების ვადა წყდება ახალი სარევიზიო კომისიის არჩევისთანავე. სარევიზიო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომის, პარტიის წევრობის შეწყვეტის, შეჩერების ან გარდაცვალების შემთხვევაში. უფლებაშეწყვეტილი სარევიზიო კომისიის წევრის ადგილს იკავებს არჩევნებისას მომდევნო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.

 

9.2. სარევიზიო კომისიას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან წევრთა უმრავლესობით ირჩევენ კომისიის წევრები.

9.3. სარევიზიო კომისია აკონტროლებს პარტიის წევრების, ორგანოებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ პარტიის წესდების დაცვას, პარტიის საფინანსო საქმიანობას და თავის დასკვნებს წარუდგენს შესაბამის პარტიულ ორგანოს.

9.4. სარევიზიო კომისია შემოწმების შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს და შესაბამის პარტიულ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს პარტიული სასჯელების დაკისრებისა და პარტიის ორგანიზაციული საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ.

9.5. სარევიზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება წევრთა უმრავლესობით.

9.6. სარევიზიო კომისია ვალდებულია თავისი დასკვნა გააცნოს ეროვნულ კომიტეტს, აღმასრულებელ სამდივნოს და იმ ორგანოს ან წევრს, რომელსაც იგი ეხება.

9.7. სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პარტიის სხვა ორგანოს წევრი.

9.8. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარტიის ყრილობის წინაშე. სარევიზიო კომისიის წევრისათვის პარტიული სასჯელის დაკისრების საკითხს წყვეტს ეროვნული კომიტეტი.

9.9. პარტიის სარევიზიო კომისიის წევრს უფლება აქვს დაესწროს პარტიის ნებისმიერი დონის ორგანოსა და სტრუქტურული ქვედანაყოფის სხდომას და გამოთქვას მოსაზრებები.

 

 

თავი მეათე

 

პარტიის ფინანსები

 

10.1. პარტიის ფინანსური წყაროებია: სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, საწევრო შენატანები, ნებაყოფლობითი შემოწირულობანი, კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობით მიღებული სხვა შემოსავლები.

10.2 პარტიის ფულად სახსრებს და ქონებას ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად განკარგავს პარტიის თავმჯდომარე.

 

 

თავი მეთერთმეტე

 

პარტიის სიმბოლიკა

 

11.1 პარტიის სიმბოლოა ხარი.

11.2. პარტიული სიმბოლიკის ფერებია ლურჯი, ნარინჯისფერი და თეთრი.

11.3. პარტიულ სიმბოლიკას ამტკიცებს ეროვნული კომიტეტი.

 

 

თავი მეთორმეტე

 

პარტიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

 

12.1 მხოლოდ პარტიის ყრილობაა უფლებამოსილი დამსწრე დელეგატთა ორი მესამედით:

       ა) მოახდინოს პარტიის რეორგანიზაცია;

       ბ) მოახდინოს პარტიის ლიკვიდაცია.

12.2. პარტიის ლიკვიდაცია შესაძლებელია აგრეთვე კანონით დადგენილ სხვა შემთხვევაშიც.

12.3. პარტიის ლიკვიდაციის შემდგომ დარჩენილი ქონება ნაწილდება კანონმდებლობის   შესაბამისად.

 

მიღებულია პარტიის XVI ყრილობის მიერ

 

თბილისი, 2015 წლის 6 დეკემბერი

 

 

ჩვენ შესახებ