დოკუმენტები
დოკუმენტების ინიციირების, განხილვისა და დამტკიცების წესი

დამტკიცებულია
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
ეროვნული კომიტეტის
2010 წლის 17 იანვრის
№13/23 გადაწყვეტილებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის

პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი დოკუმენტების

ინიციირების, განხილვისა და დამტკიცების წესი

 

  1. პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტებს ამტკიცებს პარტიის ეროვნული კომიტეტი.
  2. პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტად ითვლება ქვეყნის საშინაო ან საგარეო ზოგადსახელმწიფოებრივ საკითხზე მომზადებული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს:
    ა) საკითხის აღწერას და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის  დასაბუთებას;
    ბ) საკითხის კომპლექსურად მოგვარების კონცეპტუალურ ხედვას, რომელიც ეფუძნება პარტიის ლიბერალური პლატფორმის ძირითად პრინციპებს;
    გ) საკითხის მოგვარების ზოგად პოლიტიკურ გზებსა და საშუალებებს, მათ შორის გადაუდებელი, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების თანმიმდევრულ ჩამონათვალს;
    დ) საკითხის მოგვარების ძირითად სამართლებრივ, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სხვა ინსტიტუციურ პარამეტრებს, თუ შემოთავაზებული ხედვა ამის საჭიროებას ითვალისწინებს.
  3. პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი დოკუმენტის პროექტის ინიცირება შეუძლია პარტიის ნებისმიერ წევრს ან წევრთა ჯგუფს უფლებამოსილი წარმომადგენლის მითითებით.
  4. ინიცირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა შესაბამის დარგობრივ კომისიას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარეს, რომელიც დოკუმენტს გადასცემს ყველაზე უფრო შესაფერის რომელიმე კომისიას.
  5. კომისიის ხელმძღვანელი, ინიციატორთან (ინიციატორთა ჯგუფის უფლებამოსილ წარმომადგენელთან) შეთანხმებით, დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა ნიშნავს დოკუმენტის წინასწარ შიდაპარტიულ განხილვას და განსაზღვრავს ამ განხილვაზე მოწვეულ პირთა წრეს.
  6. წინასწარი განხილვის შემდეგ ერთი კვირის ვადაში კომისიის თავმჯდომარე დოკუმენტის პროექტს და განხილვისას გამოთქმული მოსაზრებების ამსახველ მოხსენებით ბარათს გადასცემს აღმასრულებელ სამდივნოს.
  7. აღმასრულებელი სამდივნო ერთი თვის ვადაში, კომისიის ხელმძღვანელისა და  ინიციატორის მონაწილეობით, იხილავს დოკუმენტის პროექტს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას:
    ა) დოკუმენტი ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდეს პარტიის ვებსაიტზე  (ან სხვა სახით მიეწოდოს პარტიის წევრებს) შიდა  პარტიული განხილვისათვის;
    ბ) უარი ითქვას დოკუმენტის შემდგომ განხილვაზე;
    გ) დოკუმენტი დაუბრუნდეს ინიციატორს და კომისიას ერთი თვის ვადაში   გადამუშავებული სახით ხელმეორედ წარმოსადგენად.
  8. აღმასრულებელი სამდივნოს მიერ დოკუმენტის შემდგომ განხილვაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეროვნული კომიტეტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის მოთხოვნით, საკითხს განიხილავს ეროვნული კომიტეტი. ეროვნული კომიტეტი, საკითხის ინიციატორთა მოთხოვნის შესაბამისად, კენჭს უყრის მე-7 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღმასრულებელი სამდივნოს მიერ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულად ჩაითვლება.
  9. ვებსაიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის პროექტის თაობაზე შენიშვნები და წინადადებები მიეწოდება  კომისიის ხელმძღვანელსა და ინიციატორს აღმასრულებელი სამდივნოს მიერ დადგენილი წერილობით ფორმით.
  10. ვებსაიტზე დოკუმენტის გამოქვეყნებიდან არაუადრეს ერთი და არაუგვიანეს ორი თვისა აღმასრულებელი სამდივნო კომისიის თავმჯდომარისა და ინიციატორის მონაწილეობით იხილავს შემოსულ წინადადებებს და ეროვნულ კომიტეტს წარუდგენს დოკუმენტის პროექტს, შემოსულ წინადადებებს და თვითეულ წინადადებაზე აღმასრულებელი სამდივნოს პოზიციას („გასაზიარებელია“ ან „არ არის გასაზიარებელი“).
  11. მიღებიდან არაუადრეს ორი კვირისა და არაუგვიანეს ორი თვისა ეროვნული კომიტეტი იხილავს  დოკუმენტის პროექტს და შემოსულ წინადადებებს. განხილვისას ჯერ კენჭი ეყრება შემოსულ წინადადებებს თანმიმდევრობით (დოკუმენტის დასაწყისიდან ბოლოსკენ) და შემდეგ ერთიან დოკუმენტს.
  12. ეროვნული კომიტეტის მიერ დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში იგი ქვეყნდება პარტიის ვებსაიტზე და ძალაშია ეროვნული კომიტეტის მიერ მის გაუქმებამდე, შეცვლამდე ან ამ საკითხზე პარტიის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი ახალი დოკუმენტის დამტკიცებამდე.
  13. პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილების ან ამ საკითხზე ახალი დოკუმენტის ინიცირება, განხილვა და დამტკიცება ხდება ამავე წესით.
ჩვენ შესახებ