სიახლეები
რესპუბლიკური პარტიის განცხადება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტია უცხადებს სრულ თანადგომას  უკრაინის პროევროპულ ხელისუფლებას და უკრაინელ საზოგადოებას მის სამართლიან ბრძოლაში და მიიჩნევს, რომ დღეს უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთის პირდაპირი აგრესია და ინტერვენცია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით.

 

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმ უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, რაც პოლიტიკურ პარტიას შეიძლება გააჩნდეს, ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად და მხარდაჭერისთვის.

 

ოფიციალურად მივმართავთ იმ გავლენიან საერთაშორისო  ორგანიზაციებს, რომელთა წევრიცაა საქართველოს რესპუბლიკური პარტია - ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) და ლიბერალ ინტერნაციონალს (LI), გამოიყენონ საკუთარი ავტორიტეტი როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე თავის ქვეყნებში, რათა ამ მძიმე დღეებში  გადაიდგას უფრო ქმედითი ნაბიჯები რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.   

 

დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინის სწრაფვას თავისუფლებისკენ, უკრაინის სახელმწიფოს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში ვერაფერი შეაჩერებს. რუსეთის ინტერვენცია დასრულდება მარცხით და უკრაინელი ერის გამარჯვებით.

 

 

სიახლეები
სოციალური ქსელი