სიახლეები
რესპუბლიკური პარტია ლიბერალ ინტერნაციონალის სრულუფლებიანი წევრი გახდა

როტერდამში გამართულ მსოფლიო ფედერაციის 59-ე ყრილობაზე საქართველოს რესპუბლიკური პარტია პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ოჯახის - ლიბერალ ინტერნაციონალის LI --სრულუფლებიანი წევრი გახდა. პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე 65 ქვეყნის დელეგატის წინაშე სიტყვით წარსდგა.

სიტყვით გამოსვლისას სამნიძემ საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაზე ისაუბრა.

"ამ პროცესში დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს კოალიციურ ხელისუფლებაში მყოფი რესპუბლიკური პარტიის  მიერ გატარებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ. მსოფლიო ლიბერალური ფედერაციისა და პროგრესული დემოკრატიული პარტიის რიგებში ყოფნა მნიშვნელოვანია, რადგან რესპუბლიკური პარტია შეძლებს იყოს გლობალური მოვლენების მონაწილე, ისწავლოს მსოფლიოს სხვა ლიბერალური პარტიების გამოცდილებიდან და ასევე გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება მსოფლიოს ლიბერალურ ოჯახს", – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ხათუნა სამნიძემ.

რესპუბლიკური პარტიისაგან როტერდამის ყრილობაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი გიორგი მასალკინი.

ყრილობის მთავარი თემა იყო გლობალური ვაჭრობის გაზრდა, ადამიანის უფლებები და უკრაინის კრიზისი.

ყრილობის ფარგლებში, როტერდამში გამართულ დისკუსიაზე, ხათუნა სამნიძემ, როგორც მიწვეულმა მომხსენებელმა, წაიკითხა მოხსენება თემაზე – "ლიბერალური პარტიების როლი კოალიციურ მთავრობებში".

"მე ამაყი ვარ, რადგან რესპუბლიკური პარტია არის ლიბერალიზმის მოწინავე ფლაგმანი "ქართული ოცნების" კოალიციურ მთავრობაში, რასაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები, მათ შორის, თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსის რეფორმა, კანონის ინიციირება დეკომუნიზაციის შესახებ, განათლების კანონში ცვლილებები უნივერსიტეტების მეტი დამოუკიდებლობისათვის", – აღნიშნა მოხსენებით გამოსვლისას ხათუნა სამნიძემ.

აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობას ასევე იღებდნენ: ისლანდიის პრემიერ-მინისტრისიდნი დავიდ კუნ ლაგსონი, დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატის საგარეო საქმეთა სპიკერი ბარონესა კიშვერ ფოლკნერი, ნიდერლანდების პარლამენტის წევრი, "სახალხო პარტია – თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (VVD) ვიცე- თავმჯდომარე თამარა ვან არკი და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის (FNF) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორი დანილ კადიკი.

საქართველოს რესპუბლიკურმა პარტიამ LI-ის დამკვირვებელი წევრის სტატუსი 2006 წლის 10 ნოემბერს მაროკოში გამართულ 54-ე კონგრესზე მიიღო.;2013 წლის აპრილში კი სრულუფლებიანი წევრობის კანდიდატი გახდა.

რესპუბლიკური პარტია ასევე არის ევროპის პოლიტიკური პარტიების ლიბერალური ოჯახის - პარტია "ლიბერალ დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის"  ALDE Party - სრულუფლებიანი წევრი.

 
სიახლეები
სოციალური ქსელი