სიახლეები
რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე და საკრებულოს პირველი არჩევნები
1991 წლის 31 მარტს საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა და საყოველთაო რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობას. რეფერენდუმის საფუძველზე 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. 

„საერთოდ, დაბეჯითებით შეიძლება, აღვნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში, - ამბობდა მაშინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ხმალაძე, - გამართული რეფერენდუმი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის. ეს დღე თავის მნიშვნელობას არც არასდროს დაკარგავს, რადგან მაშინ ერთადერთი შეკითხვა იყო დასმული - „ეთანხმებით თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე“. 


რეფერენდუმის ჩატარებას დაემთხვა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის ვიზიტი საქართველოში. 31 მარტს იგი ეწვია დედაქალაქის რამდენიმე საარჩევნო უბანს. 

„ნიქსონმა განაცხადა: უფლება რომ მქონდეს, სიამოვნებით მივცემდი ხმას საქართველოს დამოუკიდებლობასო“, - წერდა გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ 1991 წლის 2 აპრილის ნომერში. 

იმავე დღეს გაიმართა საკრებულოების პირველი არჩევნები. მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“. ამ კანონით საკრებულო  სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოდ იქცა, ხოლო მმართველობის ორგანოდ მერია და პრეფექტურა. 

1991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით: 
ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3 657 477 

  • რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3 302 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%;
  • კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი - 3 326 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის „დიახ„ მომხრეთა რიცხვი - 3 295 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს;
  • სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის „არა“ მომხრეთა რიცხვი - 17 400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს.
  • ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა - 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 

  • ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347 175;
  • რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა;
  • კენჭისყრაში - 61, 23%-მა.სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს.
  • უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 

  • ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788;
  • რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა.
  • სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში - 97, 67%-მა.
  • უარყოფითად - 1, 42%-მა.

გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. 

ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11 376 იყო. გაიცა 10 182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. 

„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა. 

31 მარტი საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. 

p.s. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა „ეროვნულმა კონგრესმა“. 

სიახლეები
სოციალური ქსელი